მეცნიერთა ვარაუდით, მათ პრეისტორიული გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუშები იპოვეს. ნახატები ინდონეზიის კუნძულ სულავესზე აღმოაჩინეს. დღემდე ასეთი ძველი ნახატები მხოლოდ დასავლეთ ევროპაშია აღმოჩენილი.
მეცნიერთა განცხადებით, ინდონეზიაში გამოქვაბულის მხატვრობის აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენას, თუ როგორ ისწავლეს ადამიანებმა ხატვა.
ავსტრალიელმა და ინდონეზიელმა მეცნიერებმა ნახატზე ჩამოყალიბებული სტალაქტიტის ასაკის დადგენით ხელის გამოსახულების მინიმალური ასაკი დაადგინეს _ 39 ათასი წელი.
„ყველაზე ძველი ნახატი სულ მცირე 39,000 წლისაა. ეს ყველაზე ძველი ნახატია, რომელიც შაბლონითაა გაკეთებული. მის გვერდით ღორის გამოსახულებაა, რომელიც 35,400 წლის წინ დაიხატა. ეს რეალისტური მხატვრობის, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი გამოსახულებაა“, _ განაცხადა ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის მეცნიერმა მახიმ ობერმა.
მეცნიერები პეტროგლიფებს შორის გამოყოფენ გარეული ჩლიქოსანი ცხოველების ნახატებს და ტრაფარეტულ ხელის მტევნის გამოსახულებებს. ეს უკანასკნელი პრეისტორიულმა ადამიანებმა პირიდან საღებავის გამობერვით მიიღეს.
გამოქვაბულში, ასევე, არის 27 წლის წინ შექმნილი ნახატები. მეცნიერთა დასკვნით ამ გამოქვაბულში ადამიანები 13 ათასი წლის განმავლობაში ხატავდნენ.