სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონულ სამმართველოს უფროსად თეა კუპრაძე დაინიშნა.
პოსტი, სადაც თეა კუპრაძე კონკურსის წესით დაინიშნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. ყოფილ უფროს კონსტანტინე სარიშვილს ინციდენტი შეემთხვა ამავე სამინისტროს წარმომადგენელთან. სარიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესები ოზურგეთის რაიონულ სასამრთლოში მიმდინარეობს და ერთ თვეში დასრულდება.
თეა კუპრაძე 3 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში ეკონომიკის განყოფილების უფროსად მუშაობდა.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ კონკურსში თავდაპირველად 11 აპლიკანტი მონაწილეობდა. მეორე ტურში კი 5 პირი შეირჩა, რომლებიც ოზურგეთელები იყვნენ: ოზურგეთის ყოფილი გამგებელი, სოფელ ლიხაურის ყოფილი დეპუტატი, სოფლის მეურნეობის სამსახურის ყოფილი უფროსი თამაზ სალუქვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი გურამ იობიშვილი, გურიის გუბერნიის თანამშრომელი ლაშა ღლონტი და გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი ისააკ ლომთათიძე.