ოზურგეთის მერობისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაშია. მერობისთვის რამდენიმე პირი იბრძვის: ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა და გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მერობის პოსტზე ახალი სახე, წარმოშობით ოზურგეთელი ბიზნესმენი დავით ჩიხლაძეც განიხილება, რომელსაც წყაროსვე მტკიცებით, ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე უჭერს მხარს.
ჩიხლაძე ამჟამად, როგორც თავად ამბობს, კომპანია “ორბის“ სამშენებლო მენეჯერია, ის ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს: “ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია და ვინ მოგცათ ჩემი ტელეფონის ნომერი? რა მნიშვნელობა აქვს ჩემი კანდიდატურა განიხილება თუ არა, ჩემთან რა გნებავთ? ჯერ ერთი მე არ დამიყენებია ჩემი კანდიდატურა, მე თვითონ დამირეკეს, იყო რაღაც შემოთავაზებები, იყო განხილვები, მაგრამ მე პირად არ დამიყენებია ჩემი კანდიდატურა, ჩემ გარდა კიდევ რამდენი მოქალაქე განიხილება, პირველი არ ხართ თქვენ ვინც მაგას მეკითხება“, _ამბობს ჩიხლაძე.
რაც შეეხება იმას, ლობირებს თუ არა მის კანდიდატურას ილია კეჭაყმაძე, ჩიხლაძე ამბობს, რომ ის კეჭაყმაძეს არ იცნობს: “ორჯერ მყავს სულ შენახვედრი“.
ილია კეჭაყმაძე კი დავით ჩიხლაძესთან ახლო მეგობრობას „გურია ნიუსთან“ ადასტურებს.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ არაფერი სმენია:“არ ვიცი, პირველად მესმის, არაფრისთვის არ ვიბრძვი მე“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა მერობის პოსტზე სახელდება, არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, განიხილება. “ველოდები შემოთავაზებას”, _ ამბობს ჭანუყვაძე.
რა ინფორმაციას ფლობს გურიის გუბერნატორი და რა ფუნქცია აკისრია მას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ამის შესახებ გია სალუქვაძე ამბობს, რომ არჩევნებში კონტროლსა და ზედამხედველობაში, ასევე, კანდიდატების განსაზღვრაში აუცილებლად იქნება ჩართული.
“ფუნქცია ძალიან ბევრი მაქვს, ზოგადად. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, მასზე კონტროლსა და ზედამხედველობაში, ასევე, კანდიდატების განსაზღვრაში აუცილებლად ვიქნები ჩართული. მიდის განხილვები, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია არ არის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ ვუარყოფ _ მე ჩემს პოზიციას და აზრს დავაფიქსირებ“, _ ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ კანდიდატურებს, სალუქვაძე არ უარყოფს, რომ აღნიშნული პიროვნებები მერობის პოსტზე განიხილებიან.
“ჩემთვის ყველა ეს პიროვნება მეტად საპატივცემულო და დამსახურებულია, პირადად ვიცნობ მათ, ვმუშაობთ ერთად _ ბეგის, სოსოს, მერაბს, რაც შეეხება დათო ჩიხლაძეს, რამდენადაც ვიცი, ეს პიროვნება არის ბიზნესმენი, პირადად მე მას არ ვიცნობ, თუმცა, როცა კონსულტაციები დაიწყება, აუცილებლად მოვახსენებ ჩემს მოსაზრებას საზოგადოებას, თუ რატომ დავუჭირე ამა თუ იმ კანდიდატს მხარი. ეს ყველაფერი კი პარტიასთან იქნება გავლილი, _ ამბობს სალუქვაძე.