აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ამერიკის ელჩი, იან კელი აფასებს. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს.
“ჩემი პოზიცია ამ საკითხზე თავიდანვე საკმაოდ ნათელი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ინცინდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ საქმე უნდა იყოს სრულყოფილად გამოძიებული. ვიმედოვნებთ, ბატონ მუხთარლის სათანადოდ ეპყრობიან და სამართლიანად დასრულდება ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, საქათველოს მთავრობა სერიოზულად უდგება ამ საქმეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იქნება სრულყოფილი გამოძიება ჩვენ გვჯერა რომ ასეც იქნება. ნებისმიერი კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია დღეს მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს საქართველოდან აფგან მუხტარლის გატაცებისა და მისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს. ევროპარლამენტი მუხტარლის გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.