ადვოკატი დავით გირგვლიანი თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც გირგვლიანმა „გურია ნიუსს“ აცნობა, პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელმა და მორიგე თანამშრომელმა მას შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პოლიციელებს, მოწოდების მიუხედავად, მათთვის სასურველი ჩვენება არ მისცა.
ადვოკატი ამბობს, რომ მის კლიენტზე პოლიცია ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.
„შენ ბიჭო კოსტუმი ხომ არ გიჭერს, წადი პატარა ბიჭი ხარ“; „ადვოკატი დაგღუპავს“, „გარეთ დაელოდე კლიენტს“, „პირადი საქმე მაქვს უნდა დაველაპარაკო შენ რა შუაში ხარ“-ო, ამ სიტყვებით მომმართა პოლიციის თანამშრომელმა. მას შემდეგ, რაც ავუხსენი, რომ მოწმის სახით დასაკითხი პირი, თორნიკე ჭიკაძე ჩემი კლიენტია და მქონდა უფლება დავსწრებოდი დაკითხვას, „უზრდელი“ მიწოდეს და მომთხოვეს დამეტოვებინა პოლიციის შენობა“, _ აღნიშნავს ადვოკატი, რომელიც ამ წუთებშიც პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
ადვოკატისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ადასტურებს მისი კლიენტიც. როგორც ჭიკაძე ამბობს, პოლიციის თანამშრომელმა ნამდვილად უთხრა „ადვოკატი დაგღუპავსო“.
ფაქტთან დაკავშირებით, დავით გირგვლიანმა უკვე შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
„გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს, როგორც კი განახლდება მოწმის დაკითხვა, ადვოკატი მას დაესწრება.
„ამ დროისთვის შეწყვეტილია საგამოძიებო მოქმედებები, რამდენიმე წუთში განახლდება და ადვოკატი მას დაესწრება. აქამდე ადვოკატ დავით გირგვლიანს აქვს მონაწილეობა მირებული საგამოძიებო მოქმედებებში და ოქმზეც აქვს ხელი მოწერილი. კლიენტის დაკითხვის განახლებისთანავე ის დაესწრება მის დაკითხვას“, _ განუცხადეს „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, თორნიკე ჭიკაძეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით კითხავენ.