ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვერსია, რომლის მიხედვით 2023 წლის ნაცვლად არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს გუნდში შეთანხმებული არ არის იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ვერსიებიც არსებობს.
“ეს არის ერთ-ერთი ვერსია მრავალთა შორის გამომდინარე იქიდან რომ ისმის კითხვები, იქნება თუ არა მორალური ლეგიტიმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შერეული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და დამატებით 150-მა წარმომადგენლებმა კოლეგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აირჩიოს პრეზიდენტი 2023 წელს, ამიტომ საპასუხოდ არის ეს ვერსია გახმოვანებული”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადავადებამ გამოიწვია პრეზიდენტის არჩევნების გადავადების საკითხის განხილვაც, რადგან გუნდის რამდენიმე წევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის შემადგენლობით პრეზიდენტის არჩევას მორალური ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს.
“მქონდა აზრი, რომ 2020 წლიდან უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო პროპორციული სისტემა. არაერთი ადამიანი ამბობდა, რომ უნდა შევინარჩუნოთ მაჟორიტარული სისტემა და ეს უნდა იყოს არამარტო 2020 წელს, არამედ 2024 წელსაც. არგუმენტების შეჯერების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რაც კონსენსუსის შედეგი იყო, რომლის მიხედვით გარდამავლ დებულებაში უნდა ჩაიწეროს იგივე წესი, ოღონდ კიდევ უფრო დემოკრატიული რომ გახდეს ეს პროცესი, ბარიერი 3 პროცენტამდე უნდა დაიწიოს, რაც არაერთ პარტიას დამატებით მისცემს შესაძლებლობას 2020 წლიდან საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს“ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1tv.ge