ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ გოჩა გაფრინდაშვილის სისხლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ლანჩხუთის პოლიციის რაიონული სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსი ნუკრი ცარციძე მოწმის სახით დაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ ნუკრი ცარციძეს საქმეზე დაკითხული „ოქროს მოწმე ზეწოლაში ადანაშაულებს. რას პასუხობს ცარციძე ხარიტონ დათუნაშვილს, რატომ არ დაიწყო პოლიციამ, გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება, რა ჩვენება მისცა სასამართლოს ცარციძემ და რატომ უნდა ენდონ მას, _ „გურია ნიუსის“ სტატიიდან შეიტყობთ.
ცნობისთვის, 2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.
ნუკრი ცარციძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ იმ დროისთვის, როცა ინციდენტი მოხდა, გურიის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შესაბამისად, ის აწარმოებდა და ხელმძღვანელობდა აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას.
პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ცარციძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლანჩხუთის პოლიციის უფროსმა ისაუბრა, რომ ის თბილისში შეხვდა დაზარალებულ გია კილანავას რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მას ნება დართეს კილანავას გასაუბრებოდა.
ცარციძე დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ კილანავასა და მას შორის კომუნიკიცია შედგა, სადაც კილანავამ მასთან პირადი საუბრის დროს “კაცურად“ აღნიშნა, რომ მას ნამდვილად ესროლა გაფრინდაშვილმა. ცარციძე იმასაც ამბობს, რომ კილანავა გაფრინაშვილთან გასწორებას გამოჯანმრთელების შემდეგ გეგმავდა.
ცარციძის თქმით, კილანავამ აღნიშნა, რომ მას გაფრინდაშვილთან ინციდენტამდე ფიზიკურ დაპირისპირება და კონფლიქტი ჰქონდა:
“ჩემთან პირადი საუბრის დროს გია კილანავამ “კაცურად“ განმიმარტა, რომ 10 თებერვალს გოჩა გაფრინდაშვილსა და მას შორის კონფლიქტი მოხდა; 12 თებერვალს კი გაფრინდაშვილმა კილანავას სამაგიერო გადაუხადა და ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. კილანავა ასევე აღწერდა, თუ როგორი მანქანით აედევნა გაფრინდაშვილი, რის გამოც ის დაუკავშირდა მეგობარ გიორგი წუწუნავას და აუხსნა, რომ აედევნა “ფორცვაგენის“ ტიპის ავტომანქანა “შავი პასატი“, წუწუნავამ კი მას უთხრა, რომ გადაეხვია გზიდან და მასთან მისულიყო“, _ აღნიშნა დაკითხვისას ცარციძემ.
მისივე განმარტებით, ის ასევე იცნობს მოწმეს ხარიტონ დათუნაშვილს, რომელმაც მას პირადად განუცხადა, რომ მასზე ხორციელდებოდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მისივე თქმით, დათუნაშვილთან ოჯახში მიდიოდა ერთი პიროვნება რომელიც ემუქრებოდა, რომ ის საქმის “ოქროს მოწმეა“ და გაფრინდაშვილი არ უნდა ამოეცნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა რომ ჰყავდა შვილი და აშანატაჟებდა სიტყვებით: “დაიმახსოვრე, რომ არ იცნობ გოჩა გაფრინდაშვილს!“_ განაცხადა სასამართლო სხდომაზე ლანჩხუთის პოლიციის უფროსმა ნუკრი ცარციძემ.
ცარციძემ სასამართლო პროცესზე კატეგორიულად უარყო დათუნაშვილის წინა პროცესზე მიცემული ჩვენება, რომ მასზე, გარდა იმ პირისა, რომელზეც ზემოთ ისაუბრა, პოლიციაც ახდენდა ზეწოლას.
“დათუნაშვილზე პოლიციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ განხორცილებულა“, _ განაცხადა ცარციძემ.
ცარციძეს, ბრალდებულის უფლებების დამცველის ვასილ მამულაშვილის მიერ დასმულ კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.
„რა არის ამის საფუძველი, რომ დაგიჯეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოსთვის ტყუილი ჩვენების მიცემისათვის შესაძლოა, რომ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჯერ ერთი კილანავას დაკითხვა შეუძლებელი იყო, რადგან ის იწვა რეანიმაციაში და იმყოფებოდა სასუნთქ აპარატზე შეერთებული. დაზარალებულს არ შეეძლო საუბარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. რატომ მოგცათ მარტო თქვენ კილანავამ ეს არაოფიციალური ინფორმაცია და რატომ ვერ მიაღწია ამას სხვამ? როგორ მოიპოვეთ კილანავასგან ნდობა?“_ ჰკითხა ცარციძეს ბრალდებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
ცარციძემ განმარტა, რომ ის პასუხს აგებდა მის მიერ მიცემულ ახსნა_ განმარტებაზე და გაჟღერებულ ინფორმაციაზე.
„არაფერი, ჩვეულებრივად ვისაუბრეთ“, _აღნიშნა ცარციძემ.
ადვოკატმა ასევე მიმართა პოლიციის უფროსს, რომ თუ ის ფლობდა ინფორმაციას, რომ მოწმე ხარიტონ დათუნაშვილზე ვინმე უცხო პიროვნება ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და აშანტაჟებდა, ემუქრებოდა შვილით, რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება და რატომ არ დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციით?
“თქვენ ამბობთ რომ “კაცურად“ გესაუბრათ დაზარალებული კილანავა, თქვენ ენდეთ მას, ჩვენ რატომ უნდა გენდოთ ჩვენ, თქვენც “კაცურად გვესაუბრებით ახლა? “_ იკითხა ადვოკატმა.
სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის უფლებების დამცველმა ვასილ მამულაშვილმა “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ მოწმის სახით დაკითხულ ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აბსურდია:
“მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არანაირი მტკიცებულების ფასეულობა არ გააჩნია, არის მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომლის გადამოწმება ფაქტიურად აბსურდია, იმიტომ, რომ თვითონ დაზარალებული ჩვენებას ვერ აძლევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გამორიცხულია, რომ მას 17 თებერვალს საუბარი შეძლებოდა, რადგან იყო სასუნთქ აპარატზე შეერთებული. ჩვენ გადავამოწმეთ და მას არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია ცარციძისთვის.“ კაცური“ საუბრისა რა გითხრათ, ეს არის რაღაცა ინოვაციური მიდგომა, რომელსაც არანაირი მტკიცებულების ძალა არ გააჩნია“, _ამბობს ადვოკატი.
სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული მეორე პირის შესახებ, რომელიც „ოქროს მოწმეზე“ სავარაუდოდ ზეწოლას ახდენდა, „გურია ნიუსმა“ ინფორმაცია მოიპოვა, თუმცა, თავად ეს პირი აღნიშნულს არ ადასტურებს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხარიტონ დათუნაშვილზე სავარაუდოდ ზეწოლას გურიის გუბერნიაში მომუშავე ერთ-ერთი თანამდებობის პირი ნესტორ რამიშვილი ახდენდა, რომელიც გოჩა გაფრინდაშვილის ახლო ნათესავია.
რამიშვილმა „გურია ნიუსთან“ აღნიშნული ინფორმაცია უარყო:
„არანაირად არ ვადასტურებ, არ მომიხდენია ზეწოლა, არც ვიცნობდი, არავის არ დავმუქრებივარ. თუ დააკვირდით თქვენ ყველა პოლიციელი დებდა არარელიგიურ ფიცს, რელიგიურს არ იფიცებენ, რადგან იტყუებიან. არანაირი კავშირი არ მქონია დათუნაშვილის ოჯახთან. დაკითხონ მისი ცოლი, მან ყველაფერი იცის, არც ფოტოსურათებით ამოცნობაზე მქონია საუბარი, არც შვილით დავმუქრებივარ“, _ამბობს რამიშვილი ჩვენთან საუბრისას.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და სხვა სტატიებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მორიგი სასამართლო პროცესი 4 ივლისს გაიმართება.