დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერეს.
ერთ-ერთი ეკომიგრანტი ოჯახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს _ ლია და ასლან ვაშაყმაძეებმა სახლი და მიწის ნაკვეთი თავად აირჩიეს.
როგორც ლია ვაშაყმაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, სანამ ამ სახლში გადმოვიდოდნენ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში, 7 წლის განმავლობაში სასიმინდეში ცხოვრობდნენ:
“ვართ სოციალურად დაუცველები, არსად არ ვმუშაობთ, გვყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. ჩვენი სახლი მეწყერულ ზონაში იდგა და დაგვენგრა. 7 წელი სასიმინდეში ვცხოვრობდით. მივმართეთ ხელისუფლებას დახმარებისთვის და შეგვიძინეს სახლი. დღეს კი თავად გვესტუმრნენ,” _ ამბობს ლია ვაშაყმაძე.