ქვაბში ჩავდოთ 100 გრამი კარაქი ან ორი სუფრის კოვზი ზეთი ჩავასხათ. ვაცალოთ წამოდუღება. შემდეგ დავამატოთ ექვსი ჭიქა ადუღებული წყალი და ჩავახალოთ ექვსი კვერცხი (რამდენი კვერცხიც გვაქვს, იმდენი ჭიქა წყალი). ვაცალოთ დაბალ ცეცხლზე ხარშვა, 10-15 წუთით. შემდეგ დავამატოთ ასეთი მასა: ერთ ჭიქა დანაყილ ნიგოზს დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი კვაწარახი, უცხო სუნელი, დანაყილი სამი კბილი ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. კარგად ავზილოთ, დავამატოთ ცოტა ცხელი წყალი, კარგად რომ გაიხსნას და ჩავუშვათ კერძში. ერთი წამოდუღების შემდეგ გადმოვდგათ. მზადაა.
აჭარაში აკეთებენ ნიგვზის გარეშე, ხოლო იმერეთში, თუ ნიგოზი შემოელიათ, აღნიშნულ პროპორციებს უმატებენ ორ სუფრის კოვზ მოხალულ მჭადის ფქვილს. ეს კერძიც ძალიან სასიამოვნოა ზამთრის ცივ ამინდებში და ამასთანავე, ყველასთვის ხელმისაწვდომია გასაკეთებლად.