ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ მიმდინარე წლის მთავარ საფინასო დოკუმენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით განმარტებების მოსმენის შემდეგ საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ა(ა)იპ ტექსერვისის დაფინანსება მიმდინარე წელს გაიზარდოს 20 ათასი ლარით. გარდა „ტექსერვისისა“, იგეგმება ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დაფინანსების 4650 ლარით გაზრდაც. ლაშხიას თქმით, აღნიშნული ხარჯების დაფინანსება სარეზერვო ფონდის 25 800 ლარით შემცირების ხარჯზე მოხდება.
გაირკვა, მუნიციპალიტეტი ნიგოითის ადმინისტრაციული სახლისთვის კონდიციონერის შესაძენად 1150 ლარს გაიღებს.
სწორედ კონდიციონერის თემამ გააცხარა საკრებულოს წევრი რომან ბიწაძე.
„რამდენჯერ დაისვა საკითხი, რომ გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურისთვის კონდიციონერია შესაძენი. დუღს იქაურობა, მარა ვინმე მივიდა და ნახა, რა მდგომარეობაა?! არ ვარ წინააღმდეგი ნიგოითის ადმინისტრაციულ სახლში იყოს კარგი სამუშაო პირობები, მარა რატომ უნდა იყოს გერის როლში გამგეობის სამსახური?! ეტყობა, იუსტიციის მინისტრის „გაკუჭების“ გვეშინია“, _ აღნიშნა რომან ბიწაძემ.
მისივე თქმით, სარეზერვო ფონდის დანიშნულება საბიუჯეტო კანონმდებლობით არის დადგენილი და არ შეიძლება სარეზერვო ფონდიდან თანხების იმგვარი განაწილება, როგორსაც ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება ითვალისწინებს.
„სარეზერვო ფონდის დანიშნულება საბიუჯეტო კანონმდებლობით არის დადგენილი და არ შეიძლება სარეზერვო ფონდიდან ამ მიმართულებით იყოს თანხები გადანაწილებული. ვიცი საკრებულო საბოლოოდ მიიღებს ამ კანონდარღვევას“, _ დასძინა ბიწაძემ და დარბაზი დატოვა.