ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია არბიტრაჟის შესახებ, რომლის ინიციატორია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
აქ, გურიის რეგიონის მასშტაბით, მოწვეული იყვნენ მეწარმეები, ფერმერები, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები, რომლებმაც მოისმინეს დავების მოგების ალტერნატიული მეთოდების, კერძოდ, არბიტრაჟის შესახებ. დავების არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტის შესახებ, ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა, ბექა ინჯიამ. მან თქვა, რომ ბიზნესი მხოლოდ მაშინ განვითარდება, როცა თავად იქნება ინფორმირებული. არბიტრაჟის მიერ შეიძლება განხილული იყოს კერძო ხასიათის ქონებრივი (ბიზნესი), კომერციული დავები. მან ისაუბრა ასევე, არბიტრაჟის უპირატესობაზე, რაც გამოიხატება სისწრაფეზე, დავის გადაწყვეტის მოქნილ მექანიზმზე, კონფიდენციალურობაზე, ხარჯების შემცირებაზე, უცხოელ პარტნიორთან წარმოშობილ დავების გამარტივებაზე.
ბექა ინჯიასთან ერთად, ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის სამართლის ექსპერტმა ლიანა ქარცივაძემ ისაუბრეს საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობაზე და დავების ალტერნატიული მოგვარების პროცედურულ საკითხებზე.
შეხვედრაზე მოწვეულმა მეწარმეებმა, დაინტერესებულმა პირებმა არაერთი კითხვა დასვეს, გაიმართა დისკუსია.
_ ჩვენ ვართ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ძალიან მოგვეწონა ეს შეხვედრა და ასეთი ხასიათის ღონისძიებები თუ კიდევ ჩატარდება, რითაც ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას შევიძენთ, ძალიან კარგი იქნება, სულ დავესწრებით. ეს ინფორმირებულობა ჩვენს საქმიანობაში და ფეხზე მტკიცედ დადგომაში დაგვეხმარება, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებლებმა, ცოლ-ქმარმა, გელა და თამრიკო ჯიბაშვილებმა.