20 ივლისს, ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ნათლიის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ჩაცხრილეს.
ორმაგი მკვლელობა ორი იარაღითაა ჩადენილი _ ე. წ. “კალაშნიკოვის” ავტომატიდან და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან.
მკვლელობა დღისით, დაახლოებით 2 საათზე მოხდა _ საქმეს თვითმხილველები არ ჰყავს.
მკვლელობიდან ერთ საათში შავი, “პასატი”, რომლიდანაც, სავარაუდოდ, სროლა გახორციელდა სოფელ ოზურგეთში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, დამწვარი იპოვეს.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, აღნიშნული ავტომანქანიდან ფოცხიშვილზე დევნა წინა დღესაც ხორციელდებოდა. მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შავი “პასატი” ფოცხიშვილის დედამ მათ სახლთან ახლოს დაინახა.
სირენა ფოცხიშვილი გვიყვება, რომ მაქანა თავდაპირველად ბავშვმა შენიშნა:
_ ბიძია მოვიდაო, დაიძახა და ამიტომ მივაქციე ყურადღება. სახლთან იდგა. დავინახე მძღოლს ქუდი ეხურა, _ გვითხრა სირენა ფოცხიშვილმა.
აღნიშნული ნაცრისფერი ქუდი, პოლიციას უკვე ამოღებული აქვს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის სოფელ ოზურგეთში, დამწვარი მანქანის სიახლოვეს იპოვეს. სავარაუდოდ, დამნაშავეებს სიჩქარეში, გაქცევის დროს დაუვარდათ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინფორმაცია, რომ პოლიციას ერთ-ერთი დამნაშავის დნმ აქვს, სიმართლეს შეესაბამება (გამოძიება ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს).
დამნაშავეები, სავარაუდოდ, სამნი იყვნენ _ ამის თქმის საფუძველს დანაშაულის ადგილი აღწერა გვაძლევს.
მანქანაში მჯდომი ფოცხიშვილი ავტომატით არის ჩაცხრილული _ მას მანქანის უკანა სალონიდან ესროდნენ… პარალელურად კი მძღოლის მხრიდან რამდენიმე გასროლაა გახორციელებული “მაკაროვის” სისტემის იარაღიდან _ ერთი ტყვია ფოცხიშვილის მანქანის უკანა საქარე მინაშიცაა გაჭედილი.
წინასწარი ინფორმაციით, ფოცხიშვილის თანხმლები, მისი დის ქმარი დიმა ომოლჩენკო დაცხრილვამდე გარდაიცვალა _ მას გული აქვს გახეთქილი.
დაღუპულების ახლობლები ფიქრობენ, რომ ეს შეკვეთილი და კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო.
გურამ ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წლების წინ ე. წ. კანონიერ ქურდებთან დაპირისპირებაც ჰქონდა.
ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.
ციხე მან 2013 წელს ამნისტიის კანონის შედეგად დატოვა და, როგორც ამბობენ, ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცამ მასთან ძველი “ანგარიშების გასწორება” სცადა.
ეს ძველი ანგარიშები კი მის მამას, ყოფილ ე. წ. კანონიერ ქურდს, დავით ფოცხიშვილს უკავშირდება, რომელსაც ე. წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 90-იან წლებში შეუჩერეს. არა ერთი წყარო გვიყვება, რომ დავით ფოცხიშვილს, რომელიც ამჟამად გლდანის მერვე საპყრობილეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, უსამართლოდ მოექცნენ და სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობდა გურამ ფოცხიშვილი, რომელიც მამამისის “აღდგენაზე” მუშაობდა.
ამ ინფორმაციას ჩვენ ფოცხიშვილის დედაც გვიდასტურებს:
_ გურამიკო ცდილობდა, დათოს სახელის აღდგენა მოეხერხებინა, თუმცა, დათო ამის წინააღმდეგი იყო და აფრთხილებდა, რომ ამ საქმეში არ ჩარეულიყო, _ გვიყვება სირენა ფოცხიშვილი.
მისივე ინფორმაციით, გურამი ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეიცვალა:
_ 21 ივნისს შეხვდა ციხეში დათოს. იქიდან შეცვლილი ჩამოვიდა. უფრო ფრთხილი გახდა. დათოს და გურამის ინტენსიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ხშირად არც საუბრობდნენ. როცა რამე უნდოდა დათოს, ოჯახის წევრებს გვეუბნებოდა _ გურამის ეს უთხარით, ის უთხარითო. სულ ამბობდა, რომ ფრთხილად ყოფილიყო. მკვლელობამდე სამი დღით ადრე დარეკა და გვითხრა, რომ გურამი ბათუმში არ წასულიყო, _ გვიყვებიან გურამ ფოცხიშვილის ოჯახის წევრები.
რატომ იყო ბათუმი ფოცხიშვილისთვის საფრთხის შემცვლელი, ოჯახის წევრებმა არ იციან. თუმცა, ამ საქმეში არის ერთი საყურადღებო დეტალი _ ავტომანქანა, რომლიდანაც გასროლა გახორციელდა და რომელიც დაწვეს, ბათუმში, კერძოდ კი ჩაქვში 13 ივნისს, საკმაოდ უცნაურ ვითარებაშია ნაყიდი.
“პასატს” 1 300 დოლარად დამნაშავეები ყიდულობენ ისე, რომ მფლობელს ისინი თვალითაც არ უნახავს.
მას ურეკავენ, სთხოვენ რომ გაზის აპარატურა ამოიღოს, სადგომზე დარაჯს შუაღამით უტოვებენ ბეს _200 დოლარს. მეორე დღეს ამოწმებენ ამოიღეს, თუ არა გაზის აპარატურა და ისევ შუაღამეზე მიდიან ავტომანქანის წამოსაყვანად.
სადგომის დარაჯს, რომელიც უკვე დაკითხულია, მყიდველის სახე არ ახსოვს. ის ტელეფონის ნომერი კი, რომლიდანაც ავტომანქანის მფლობელთან ზარი გახორციელდა, გამორთულია.
აღსანიშნავია, რომ თვენახევრის განმავლობაში, აღნიშნული ავტომანქანა არსად არ დაფიქსირებულა. ამ ყველაფრის შესაბამისად, ეჭვი, რომ ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო, უფრო მყარდება.
რატომ მაინდამაინც ბათუმი? დაღუპულის ახლობლები ამბობენ, რომ ფოცხიშვილის მტრები, სწორედ ბათუმში მოძრაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ბათუმში ცხოვრობს ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ფოცხიშვილის მოკვლა 2010 წელს, ციხეში სცადა:
_ 2010 წლის გაზაფხულზე, გურამი ბათუმის ციხეში, სამედიცინო კამერაში სამ პირთან ერთად იჯდა. ნარდს თამაშობდნენ და სწორედ ამ დროს მას ერთ-ერთმა უკანა მხრიდან ხელი კისერში წაუჭირა, ორმა კი მაკრატლით დაჭრა. ეს საქმე მაშინ არავის გამოუძიებია, არც ისაა ცნობილი, ვინ შეიტანა 4-კაციან კამერაში ე. წ. “ქსივა”, რომ იქ “ცუდი ტიპი” და “ქურდების მტერი” იჯდა. არც ის დადგენილა, როგორ მოახერხეს მაკრატლის შეტანა კამერაში და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. თუმცა, ეს გურამმა ძალიან კარგად იცოდა და არც ამ ამბავს დატოვებდა “გაურკვეველს”. თუმცა, როგორც ვიცი მამამისის გამოსვლას ელოდებოდა. მანამდე კი ცდილობდა ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, ბუნებრივია ესეც იცოდნენ და ალბათ, დაასწრეს. პოლიციას შორს წასვლა არ სჭირდება _ გამოიძიონ 2010 წელს მომხდარი დაჭრა. დაკითხონ ის პირები, ვინც მასში მონაწილეობდა _ ყველანი გარეთ არიან. ერთ-ერთი ოზურგეთელია. დაკითხონ ის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც გურამის ყველაზე ძლიერი მტერი იყო და რომელიც უკრაინიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ოზურგეთში. თუკი დაადგენენ, ვინ იყო 2010 წელს დამკვეთი, ამ ამბავსაც გახსნიან. მით უმეტეს, რომ ადამიანები, რომლებმაც გურამი ციხეში სასიკვდილოდ გაიმეტეს, კრიმინალური სამყარო წევრები არ არიან, რომ ამით რაღაც “ჩინი” მიეღოთ. უფრო მეტს გეტყვით _ ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტაქსისტია, _ გვიყვება ჩვენი წყარო.
კიდევ ერთი წყარო პარალელს ქურდულ სამყაროში დაწყებულ ომთან ავლებს.
მიუხედავად იმისა, რომ გურამ ფოცხიშვილმა ორი ე. წ. კანონიერი ქურდი დაჭრა, რაც ქურდულ სამყაროში სასიკვდილო განაჩენით სრულდება, მას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე. წ. კანონიერი ქურდის _ შაქრო კალაშოვის მხარდაჭერა ჰქონდა:
_ კალაშოვი მისგან სიცოცხლით იყო დავალებული _ 2001 წელს კალაშოვის ლიკვიდაცია დაგეგმეს. იქიდან გამომდინარე, რომ გურამს “ქურდების მტრების” სახელი ჰქონდა, ქუთაისელი ქილერი მასთან ჩამოვიდა და ამ საქმეში დახმარება სთხოვა. გურამმა ეს ამბავი კალაშოვს გააგებინა და სიკვდილს გადაარჩინა. ის ტიპი მკაცრად დაისაჯა და ამით კალაშოვი მასთან ვალში იყო. რამდენადაც ვიცი, სწორედ კალაშოვის დახმარებით ცდილობდა გურამი მამამისის საქმეების გარკვევას და მასთან რამდენიმე თვის წინ კომუნიკაციაც ჰქონდა. ალბათ, ესეც გაიგეს და მოვლენები დააჩქარეს. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბათუმში, სადაც ყოფნას გურამის არ ურჩევდნენ, დიდი გავლენა აქვს ლავას ოღლის _ კალაშოვთან დაპირისპირებული ტარიელ ონიანის დაჯგუფების წევრს, არ არის გამორიცხული რომ ვიღაცეებს ბათუმში “მწვანე” აუნთეს და ონიანის ანგარიშზე ქულა ჩაწერეს, _ აღნიშნავს ჩვენი წყარო, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფოცხიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი კონფლიქტი არ ჰქონია.
ახალი კონფლიქტის არსებობას უარყოფენ დაღუპულის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით ციხიდან გამოსვლის შემდეგ გურამი თავისუფლად გადაადგილდებოდა და მისთვის შიში არ შეუმჩნევიათ.
_ ბევრი ჭორი დაიწერა, ბევრი არასწორი ინფორმაცია. გურამი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იარაღითაც კი არ დადიოდა, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მისი მეუღლე, რომელსაც იმედი აქვს, რომ პოლიცია დამნაშავეებს იპოვნის.
ამის იმედი გურამის მეგობრებსაც აქვთ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუ ეს საქმე დროულად არ გაიხსნა, ოზურგეთს წინ ახალი დაპირისპირება ელის.
საქმე იმაშია, რომ დავით ფოცხიშვილი, რომელიც ახლა არავისთან არ გამოდის კონტაქტზე და რომელიც საკანშიც მარტო ზის, ციხეს მომავალი წლის გაზაფხულზე ტოვებს.
გურამ ფოცხიშვილის გარემოცვა არ გამორიცხავს, რომ დავით ფოცხიშვილმა შურისძიება გადაწყვიტოს:
_ დასაკარგი აღარაფერი აქვს _ შვილი და სიძე ერთ დღეს მოუკლეს და ის არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ამას ვინმეს შეარჩენს. ამიტომ, დროული მოქმედებაა საჭირო, რომ კიდევ სისხლი არ დაიღვაროს, _ აღნიშნავენ “გურია ნიუსთან” საუბრისას დაღუპული ახლობლები.
ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.