ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში აქცია მიმდინარეობს _ მოსახლეობამ ის გზა გადაკეტა, საიდანაც ჩინური კომპანიის ავტომანქანებს ინერტული მასალა გამოაქვთ.
აქციას, რომელიც ორ საათზე მეტია მიმდინარეობს, ამ წუთებში შეუერთდა სოფლის დეპუტატი გიორგი მორჩილაძე, რომლის ჩაცმულობამ მოსახლეობა გააღიზიანა:
_ შეხედეთ, რა სანახავია! ზღვიდან მოდის პირდაპირ და ჩვენი ბედი ამას არ ადარდებს, _ შორტში და “შლოპანცებში” გამოწყობილი დეპუტატის აქციაზე მოსვლა კომენტარის გარეშე არ დაუტოვებიათ ჭანჭათელებს, რაზეც მორჩილაძემ უპასუხა, რომ ის ყანიდან მოდიოდა.
_ შენ კი მოდიხარ ყანიდან, მეტი არაა ჩემი მტერი, მარა ჩვენ რა ვქნათ? ყანაც ვერ დავთესეთ ამ ჩინური კომპანიის გამო, _ მიმართეს დეპუტატს ადგილობრივებმა.
მათი ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების გამო, ვერ მოხერხდა ყანების დათესვა:
_ დაგვპირდნენ, რომ გზას გააკეთებდნენ, წყალს გამოგვიყვანდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გააკეთეს კი არა, ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, ეს უკვე მესამე აქციაა ამ მოთხოვნით:
_ ადრე გუბერნატორიც მოვიდა, გამგებელიც, დეპუტატი წილოსანიც იყო. დაგვამშვიდეს, გვენდეთ და გზას აუცილებლად გაგიკეთებთო. ვენდეთ და შედეგს თქვენც ხედავთ, _ გვითხრეს ჭანჭათელებმა
ადგილზე, ამ წუთებში ელოდებიან მუნიციპალიტეტის გამგებელს და ჩინური კომპანიის წარმომადგენელს.