“გურია ნიუსის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ბენიამენ ფალავანდიშვილს წარადგენს. ფალავანდიშვილი ამჟამად საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებს.
როგორც გავარკვიეთ, ფალავანდიშვილის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, რასაც თავადაც ადასტურებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს მის კანდიდატად დაყენებასთან არაფერ შუაშია. ასევე, უარყოფს, რომ მის კანდიდატურას ლობირება ყოფილი პრემიერის დამ გაუწია.
_ ჯერჯერობით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ საუბრები არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფალავანდიშვილმა.
_ ბატონო ბენიამენ, ცოტა ხნის წინ, თანამდებობის და საჩხერის დატოვებას აპირებდით და თანამშრომლებს დაემშვიდობეთ კიდეც ფეისბუქით…
_ ეგეთი პოსტი არ გამომიქვეყნებია.
_ 18 აპრილს გაქვთ გამოქვეყნებული და ჩვენ ამის ე. წ. “სკრინიც” გვაქვს…
_ ადრე კი იყო ეგეთი, რომ არ ვაპირებდი დიდხანს დარჩენას.
_ და რამ შეცვალა თქვენი გეგმები და მიზნები?
_ მე სამსახურის უფროსად არ ვაპირებდი დარჩენას. რაც შეეხება შეცვლას, შემოთავაზება მივიღე “ქართული ოცნებიდან”.
_ რა დამსახურებით? ჩვენ გვითხრეს, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის დაა, რომელიც ლობირებას გიწევთ…
_ ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება ახლა _ რას ქვია ლობირებას მიწევს?! მე, ჯერ ერთი, ჩემი ისა მაქ, მიცნობს ხალხი. არაფერ შუაში არ არის ეგ. საერთოდ არაფერი კავშირი არ მაქვს.
_ თქვენი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ხომ არის?
_ მერე რა?! მეუღლე არის, მაგრამ რა კავშირი აქვს მაგას?! მე საჩხერეში ვმუშაობდი და მანამდე 20 წლის სტაჟი მაქვს. აღარ უნდა ვიმუშავო თუ რა შეკითხვაა?
_ გინდათ გვითხრათ, რომ მერობის კანდიდატად დაყენებაში ივანიშვილთან ნათესაობამ გავლენა არ იქონია?
_ არავითარი შეხება არ მაქვს მაგ პიროვნებასთან. უბრალოდ, მე ჩემი დამსახურება მაქვს, ასე ვფიქრობ. რომც არ იყოს ნათესავი, შეიძლება, ისედაც მიმეღო შემოთავაზება. ხომ მართალია?
_ ეს იმ ფონზე, როცა აპრილში მუნიციპალიტეტის დატოვებას აპირებდით?
_ ტელეფონზე ეგეთი კომენტარის აღება არ მიმაჩნია სწორად. სხვა რამე შეკითხვა თუ გაქვთ, გიპასუხებთ.
_ ჟურნალისტები ტელეფონითაც სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს. მინისტრებიც პასუხობენ ჩვენს ზარებს და კომენტარებს გვაძლევენ… რა არის ამაში უცნაური?
_ საერთოდ ჯობს, რომ ნათესაობაზე და იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, ის მკითხოთ, რა პრობლემებია, რას ვაპირებთ. ამომრჩეველს აინტერესებს, ნათესავი ვარ თუ არა?
_ ფიქრობ, რომ არა?
_ დარწმუნებული ვარ, არა, რამდენადაც მე მიცნობენ. მე ჩემი განვლილი პერიოდი მაქვს ისეთი, რომლითაც ვფიქრობ, რომ მიცნობენ. როგორც ნათესავს, სულ არ მიცნობენ.
_ და თუ ასე იყო, წასვლას რატომ აპირებდით?
_ ეგეთი ინტერვიუს აღება არ მიმაჩნია სწორად. თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული კითხვა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გიპასუხებთ…
_ თქვენი პასუხიდან გამოდის, რომ კანდიდატურა უკვე გადაწყვეტილია და სამოქმედო გეგმაც შეგიდგენიათ..
_ რახან თქვენ დამირეკეთ, რაღაც ინფორმაცია გექნებათ, რომელსაც ამ ეტაპზე არც მე არ უარვყოფ, მაგრამ გადაწყვეტილი, როგორც ასეთი, არაა.
_ თუ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, სამოქმედო გეგმებზე რატომ უნდა ვისაუბროთ?
_ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. ეს მოხდება ოფიციალური წარდგენის შემდეგ.
_ ეგ ჩვენს კითხვასთან რა შუაშია? ბატონო ბენიამენ, პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ?
_ საკმარისად გავეცი შეკითხვებს პასუხი. ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ასეთი კითხვები ტელეფონზე არ უნდა დასვათ…
_ თანამდებობის პირი ხართ, თან მერობას პირებთ და ჩვენგან არც თქვენ უნდა გესწავლებოდეთ საჯარო მოხელის ვალდებულებები… თან, როგორც ვიცით, “ქართული ოცნების” ოფისში ტრენინგებს გადიხართ და ეს არ უსწავლებიათ? არ გეუბნებიან, რომ ჟურნალისტები ტელეფონზეც რეკავენ, სოციალური ქსელებითაც კონტაქტობენ?
_ გასაგებია, მაგრამ რამე ვალდებულება მაქვს, რომ ტელეფონზე ანგარიში ჩაგაბაროთ?
_ ანგარიშის ჩაბარებას არავინ გთხოვთ…
_ იმ კითხვებზე ხომ გიპასუხეთ, რაც საინტერესო იყო?
_ ჩვენ რაც გვაინტერესებდა, იმ კითხვებზე არ გვიპასუხეთ….
_ აბა, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური გამოცდილება მაქვს თუ არა?!
_ მერობას აპირებთ და გვაინტერესებს, პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ თუ არა…
_ ამ კითხვას უპასუხოთ დავტოვებ. რახან ამდენი იცით ჩემზე, იმედია, ამასაც გაარკვევთ, _ გვითხრა ფალავანდიშვილმა, რომლის ბიოგრაფია საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ასე გამოიყურება:
დაბადების თარიღი: 1974 წლის 12 ნოემბერი
განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტორი;
სამუშაო გამოცდილება: 1998-2005წწ. სამშენებლო კომპანია “თბილისი 96” არქიტექტორი; 2005-2014 წ.წ. შპს “ელიტა–ბურჯი”, არქიტექტორი;
2014 წლიდან დღემდე საჩხერის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
2015 წლის ივლისიდან გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ყავს ორი შვილი.