საქართველოს პრემიერი-მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობას სულ 5 ვერტმფრენი მიიღებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე მუშაობს სამი ვერტმფრენი, შუადღეს კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს კიდევ ორი თურქული ვერტმფრენი შემოუერთდება.
„უკეთესი მდგომარეობაა, ზუსტად აქვთ მონიშნული ის ზონები, რა ზონებიც არის ჩასაქრობი. სამი ვერტმფრენი მუშაობს ერთი დაემატა. თურქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი. ქარის გამო დილით ვერ ჩამოფრინდნენ ახლა არიან გზაში და სულ რაღაც 2 საათში ისინიც ჩაერთვებიან. ღამისთვის გვექნება უკეთესი მდგომარეობა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამაშველო სამსახურები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ.
„პრინციპში რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებენ. ერთი კერა არის ყველაზე მძიმე, ეს არის ქედის გადაღმა კერა, რომელზეც ახლა მთელი ძალა იქნება მიმართული. ქვემოდან აგვყავს ტუმბოებით წყალი, გარდა ამისა რამდენიმე ეკიპაჟი დადგება იქედან და დაღმართზე ჩააქრობენ და მე მგონი, რომ უშველის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს თუ ეს ქედი არ ჩავაქრეთ, თუ ეს ქედი ჩაქრა მწვავე ფაზას გადავივლით, მე მგონია, რომ გავუმკლავდებით,“ -აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
rustavi2.ge