საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 429 დევნილ ოჯახს გადასცემს. აღნიშნული ოჯახების სია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 3737-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც 429 ოჯახი შეირჩა.
დევნილი ოჯახები ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. გარდა ამისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 21 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი იხურება.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს.
სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში დევნილების მიღების პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. პროცესი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის. (R)