“სტადიონზე რომ წესრიგი უნდა იყოს გეთანხმებით” _ აღნიშნულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას მიერ გამოგზავნილ კომენტარში, რომელიც ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ ვითარებასთან დაკავშრებით ვთხოვეთ:
“არაერთი დასუფთავების აქცია ჩაგვიტარებია, მათ შორის ჩემი მონაწილეობითაც. მითუმეტეს, რომ უახლოეს პერიოდში დიდი ქართველი ფეხბურთელის – ბორის პაიჭაძის ბიუსტის გახსნას ვგეგმავთ. სტადიონი ორი ა(ა)იპ – ის „სპორტის განვითარების ცენტრისა“ და საფეხბურთო კლუბ ბახმაროს სამოქმედო არეალია. პასუხისმგებლობის ძირითადი ნაწილი „სპორტის განვითარების ცენტრს“ ეკისრება, თუმცა, „საფეხბურთო კლუბ ბახმაროს“ ხელმძღვანელობაც უნდა იყოს დაინტერესებული სტადიონზე წესრიგითა და სისუფთავით. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ვითარებას და ხვალ სტადიონზე სრული წესრიგი იქნება,” _ წერს კუჭავა.
“არაერთხელ ვთხოვეთ სტადიონის ხელმძღვანელობას ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, უშედეგოდ. ჩვენი ძალებითაც არაერთხელ დაგვისუფთავებია სტადიონი და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, მაგრამ ახლანდელ მდგომარეობას კლუბი საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდება”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საფეხბურთო კლუბ “ბახმაროს” დირექტორმა დავით ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია ლამისაა ჩოხატაურის ცენტრალურ თავლად იქცეს. ცხენების, თხების, ზოგჯერ ძროხების “სასეირნოდ” გაშვება სტადიონზე უკვე ტრადიციად იქცა.
ცხოველებს, როგორც საფეხბურთო მოედანი, ასევე რაგბის მოედანი და მისი მიმდებარე ტეროტორია აქვთ ათვისებული. როგორც სპორტცმენები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, იქ ვარჯიში შეუძლებელია:
_ რაგბის სტადიონი ცხენების ჯირითით ისეა გაფუჭებული, რომ იქ ვარჯიში წარმოუდგენელია. რაც შეეხება ფეხბურთის სტადიონს, მინდორი ღობემ გადაარჩინა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენი ნაკელი და ნაგავია, რომ აქ ვარჯიში და თამაში შეუძლებელია. ყველგან ცხენის შარდია. ვინმე რომ ვარჯიშის დროს წაიქცეს და ცხენის მონაშარდ ადგილზე დაეცეს ტეტანუსის დაავადება გარანტირებული აქვს. თუ არ უნდათ რომ ჩოხატაურში სპორტი არსებობდეს მაშინ გვითხრან და სულ არ შემოვალთ სტადიონზე, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას სპორტსმენებმა.
ვრცლად იხილეთ სტატია: ჩოხატაურის ცენტრალური თავლა _ სტადიონი ცხენებისა და თხების “სავარჯიშოდ”