საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, გერმანიის ნაკრებს დღეს, 2 სექტემბერს თბილისის დროით 16:45 საათზე დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტოქე კლასით, ტრადიციებით და ცხადია გამოცდილებითაც, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ლიტვის ნაკრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს იოლი მატჩი ელის.
გერმანიის ნაკრებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომლის ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი “ატლანტა ჰოუკსის” გამთამაშებელი დენის შრიოდერია. შრიოდერი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავია და ეს მან უკრაინასთან მოგებულ შეხვედრაშიც დაამტკიცა, როცა უმაღლესი კლასის კალათბურთი აჩვენა და მეტოქეს ფაქტობრივად მარტომ მოუგო. უკრაინელებმა მისი შეჩერება ვერაფრით ვერ მოახერხეს.
ასე რომ, ზუროსის გუნდს წინ დიდი ბრძოლა აქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლიტვასთან ტრამვის გამო დიდი ალბათობით გიორგი ცინცაძე ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოუწევთ, ეს კი ლიტვასთან უმძიმესი, მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ საკმაოდ რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან მხოლოდ გამარჯვება მართებს, რათა ლიტვის ძლევით მიღებული სერიოზული უპირატესობა არ დაკარგოს.
ზუროსის გუნდმა უძლიერესი მეტოქის ძლევით პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში მაქსიმალურად მაღალი პოზიცია დაიკავოს, რათა დასკვნით ეტაპზე შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის შანსი ჰქონდეს.
თეიმურაზ ხვედელიძე (საქართველოს ნაკრების ექიმი):” ცინცაძეს ტრამვის შემდეგ ჩაუტარდა ემირაი, მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია, რენტგენი და დადგინდა, რომ მარცხენა კოჭის სერიოზული ღრძობა, ლატერალური მხრის დაზიანებები ნაწილობრივ მიგვანიშნებს, რომ ეს არის მეორე ხარისხის, მეორე გრეიდის პირველი ხარისხის დაზიანება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ – გიორგი ითამაშებს ამ ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ითამაშებს თუ არა გერმანიის ნაკრებთან, ეგ უკვე დღესგევცოდინება, როცა გასული იქნება ტრამვიდან 24:00 საათი”.
msy.gov.ge