ოზურგეთში დღეს გამართულ “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა “გურია ნიუსმა” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დააფიქსირა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გია გიორგაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამგებლის პოსტს იკავებდა, აქციაზე გამგეობის ბალანსზე მყოფი სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო მოსული.
მას შემდეგ რაც გიორგაძემ შეგვამჩნია, გვითხრა რომ სამსახურის ავტომანქანით, არა აქციაზე, არამედ ქორწილში იმყოფებოდა (?!). არადა, ეს კადრები გურია ნიუსმა ზუსტად იმ ადგილზე გადაიღო, სადაც შეხვედრის მონაწილეების ავტომანქანები ეყენა. მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რომელსაც თან მოქმედი გამგებელი და ახლა უკვე მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავაც ახლდა, რომელიც ჩვენი და გიორგაძის საუბარს ისმენდა.
ჩვენს შეკითხვაზე, რატომ იმყოფებოდა სამსახურის უფროსი სავარაუდოდ მთვრალ მდგომარეობაში აქციაზე და რატომ იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურს, კუჭავამ გვიპასუხა, რომ გიორგაძე აქციაზე არ დაუნახავს და რომ ის ქორწილში იმყოფებოდა (კუჭავა ამ კომენტარის გაკეთებამდე “გურია ნიუსის” და გია გიორგაძის საუბარს ისმენდა).
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მუნიციპალიტეტის ავტომანქანის საჭესთან უცხო ადამიანი იჯდა, რომელმაც კითხვაზე _ თუ ვინ იყო და რა უფლებამოსილება ჰქონდა გამგეობის მანქანის ტარების ვერ გვიპასუხა და მის გვერდით მჯდომ გია გიორგაძეს ჰკითხა “თუ ვინ იყო”.
ამის პასუხი გიორგაძესაც აღმოაჩნდა: _ არ შეიძლება გამგეობის მანქანაზე რომ იჯდეს? ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია!