ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს.
ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
მომხდარის შემდეგ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა არაგეგმური შემოწმებები დაიწყეს. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, ე.წ. მოძრავი გისოსები დამონტაჟდეს.
25 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.
206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის, მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს აღსაზრდელი უყურადღებოდ იყო მიტოვებული.