წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ დაბა ურეკში საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების პირველი სართულები დატბორა. ადგილობრივები „გურია ნიუსს“ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ:
_ სახლები დაგვეტბორა და არავინ გვაქცევს ყურადღებას. დეპუტატს დავურეკავთ და გამგებელს ჰკითხეთო, გამგებელი დეპუტატს აბრალებს. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ვინმეს ხმას, იქნებ ყურადღება მოგვაქციონ, _ აღნიშნავენ ურეკელები.
დაბა ურეკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დავით რობაქიძე ამბობს, რომ მოსახლეობა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ:
_ წუხელ, ღამის სამ საათამდე ქუჩაში ვიყავით. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველა ქუჩა მოვიარეთ. რას ჰქვია ყურადღებას არავინ აქცევს?! ამ წუთებში ველოდებით ტექნიკას, რომ ეკლესიის მიმდებარე ტეროტორიაზე გაჭედილი არხი გაიწმინდოს, _ გვითხრა რობაქიძემ, რომლის ინფორმაციითაც ამ დროის მონაცემებით, წვიმას ურეკის მოსახლეობისთვის ზარალი არ მიუყენებია.
ამავე თემაზე: სტიქია ურეკში და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პასუხი _ “ნუ, რა ვქნათ ახლა”