საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისმა ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიას 4 ოქტომბერს განცხადებით მიმართა :
“მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაზეთ “გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ქალაქ ოზურგეთის მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე საარჩევნო შტაბში სამსახურებრივი ავტომანქანით იყო მისული.
იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანით იმყოფებოდა სოფელ ნატანებში მდებარე საარჩევნო შტაბში, რომელიც განთავსებულია ნატანებში მცხოვრები ბახვა ზოიძის სახლში, ასევე, ადასტურებს ფოტო მასალაც, რომელზე აღნიშნულია ავტომანქანა ხაელმწიფო ნომრით FCF 919. მიგვაჩნია, რომ ამ ქმედებით ბეგლარ სიორიძის მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, _აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
როგორც #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლვევა დღეს დაიწყო.
იურისტების თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ჯარიმა 2000 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ქალაქის მერიის პრესსამსახურს, საიდანაც მოგვაწოდეს ბეგლარ სიორიძის კომენტარი:
_ მე ვიყავი ერთ-ერთ მოქალაქესთან სახლში, სოფელ ნატანებში. არანაირ შტაბში არ ვყოფილვარ.