ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს, ზაზა ურუშაძეს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოსტის დათმობა მოუწევს, ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი, სამომავლოდ სად და რა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.
„სანამ ლანჩხუთში ჩამოვიდოდი, საკუთარი ბიზნესი მქონდა. მართალია, ამ წუთში აღარ ვარ ჩართული ამ სფეროში, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დავუბრუნდე. კონკრეტული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიმიღია, რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ _ დავრჩები საჯარო სამსახურში თუ ბიზნესს დავუბრუნდები. უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა“, _ ამბობს ურუშაძე.
ლანჩხუთის მოქმედი გამგებელი ჟურნალისტებთან საუბარში არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, აჭარაში, ანტიკორუფციულ სამსახურში სამომავლოდ მის დანიშვნასთან დაკავშირებით.
„არა, ასე არ არის. მქონდა შეხვედრები მთავრობაშიც და პარტიის ხელმძღვანელობასთანაც, თუმცა, არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს, სად და რა სფეროში დავსაქმდები. ეს ჯერ მეც არ ვიცი. საცხოვრებლად ჩემი ლანჩხუთში დარჩენაც იმაზეა დამოკიდებული, სად და რა სფეროში მომიწევს საქმიანობა“, _ დასძენს ურუშაძე.