სოციალურ ქსელში ვრცელდება ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის ფოტო, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ადგილობრივი ლიდერისა და სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატის დავით მჟავანაძის ქორწილში იმყოფებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საუბრობენ იმაზე, რომ შარაშენიძის მჟავანაძის ქორწილში მისვლა, “ენმ”-სთან გარიგებას ნიშნავს.
ამ თემაზე კომენტარები ვთხოვეთ “ენმ” ლიდერს დავით მჟავანაძეს და ასევე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს:
_ რაც შეეხება ქორწილში მისვლას, ოზურგეთელები ვართ და დამპატიჟეს. გარდა ამისა, რძალი _ დათოს მეუღლე არის ჩემი მეზობელი სოფელ დვაბზუდან. აქედან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნდა, რომ რაკი დამპატიჟეს, ქორწილში აუცილებლად უნდა მივსულიყავი. რაც შეეხება ჩემს “ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებას, ეს საზოგადოებამ შეაფასოს, _ ამბობს კონსტანტინე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს.
დავით მჟავანაძის თქმით, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანები ქორწილში პოლიტიკური ნიშნით უნად დაპატიჟოს, ისინი პოლიტიკურად გაუნათლებლები არიან:
_ არანაირი კავშირი პოლიტიკას და ადამიანურ ურთიერთობებს შორის არ არსებობს. დღეს ინტერესის სფერო არის კონსტანტინე შარაშენიძე, თუმცა, თუ თვალს კარგად გადაავლებთ ქორწილის ფოტოებს, ნახავთ, რომ ძალიან ბევრი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი და ასევე, დეპუტატობის კანდიდატებიც იყვნენ იქ. მაგალითად, მერაბ ბერიძე ჯუმათიდან, რომელმაც არჩევნებში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და ახლა საკრებულოში “ქართული ოცნებიდან” დეპუტატია, თუმცა, ის ჩემი მეგობარია. ქორწილში იმყოფებოდა, ასევე, ჩემი ოპონენტი ავთანდილ სურგულაძე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” იყრიდა კენჭს ჭანიეთში. ~
რა გამოდის _ რადგან ამ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ, ქორწილში არ უნდა დავპატიჟო? ასე ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც გონებით ჩამორჩენილები არიან და არ შეუძლიათ სხვანაირად აზროვნება.
მე ვფიქრობ, ეს არის აგორებული ბინძური პიარკამპანია, რომელიც მოდის სპეცსამსახურებიდან _ ხელისუფლება ცდილობს, ჩირქის მოცხებით გავიდეს ფონს. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, “ენმ”-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ მეორე ტურს, თუმცა, გვყავდა ძალიან კარგი კანდიდატი, _ ამბობს მჟავანაძე.