კოფეინი არის ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ჩაის ფოთლები (დაახლოებით 2%), მარცვლოვანი ყავა (1-2%) და ხე-კოლას კაკლები. კოფეინი განეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის ფსიქომოტორულ სტიმულატორთა ჯგუფს. ერთი ფინჯანი ნატურალური ყავა შეიცავს 100-200 მგ-მდე კოფეინს. მეცნიერულად შესწავლილია, რომ კოფეინი სწრაფად ცვლის თავის ტვინის მოქმედებას, ააქტიურებს მის ბიოელექტრულ აქტივობას, აძლიერებს დადებით პირობით რეფლექსებს, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომის უნარს.
ადრე კოფეინს იყენებდნენ ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. სხვათა შორის, მოზრდილებმა ერთჯერადად უნდა მიიღონ 300 მგ კოფეინი, ხოლო უმაღლესი დღეღამური დოზაა 1 გ. უფრო მეტი
იწვევს უძილობას, ფსიქომოტორულ აღგზნებას, ჰიპერგლიკემიას, არითმიას. ე.წ. ენერგეტიკული უალკოჰოლო სასმელები შეიცავს 100 მლ-ზე 15,1 მგ-დან 30 მგ-მდე კოფეინს. იმ სასმელების მიღება, რომლებიც არ შეიცავს კოფეინის უმაღლეს ერთჯერად დოზაზე მეტს და მაინც იწვევს ჯანმრთელ გულში უსიამოვნო შეგრძნებას, ეს დიდხანს არ გრძელდება, მალე გაივლის. მხოლოდ კოფეინის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია და იშვიათად არითმია.
კოლას ტიპის სასმელებში კოფეინი გამოიყენება გემოსა და არომატისთვის. მაგალითად, “კოკა-კოლა” შეიცავს ძალიან ცოტა კოფეინს: 100 მლ-ზე 15 მგ-ს, შავი ჩაი – 100 მლ-ზე 4-12 მგ-ს, ყავა – 100 მლ-ზე 50-200 მგ-ს. ასე რომ, ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს გაზიანი სასმელების სხვა კომპონენტი – შაქარი და არა კოფეინი. კოფეინიანი სასმელები, როგორიც არის ჩაი, ყავა და ტკბილი გაზიანი სასმელები, ავსებს ორგანიზმის სითხის ბალანსს ისევე, როგორც უკოფეინო სასმელები, რადგან ისინი შეიცავს 85-99% წყალს.
უახლესი მეცნიერული კვლევებით გაქარწყლდა მითი იმის შესახებ, რომ კოფეინი ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება კოფეინის ზომიერად მიღებას.