“ახლა გარეთ ნაადრევად მოსული თოვლი და სიცივეა. სახლში მე და ბუხრის კუთხესთან ჩამომჯდარი მარტოობა ვართ. ორივეს ერთი ფიქრი და დარდი გვაქვს _ ეს შენ ხარ, ამას შენი მონატრება ჰქვია. რა მანძილია ჩემიდან შენამდე ახლა ეს ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გულების ერთ მაჯად ფეთქვამ წაშალა ქვეყნად მანძილის თეორია. მე გგრძნობ, როგორ იქეცი ჩემს სხეულში სისხლად და მოიცავი ყოველი უჯრედი. მე ვგრძნობ, როგორ გარდავისახეთ _ მე შენად და შენ ჩემად. ჯერ გარდავისახეთ, მალე მოვა დრო და გარდასახვიდან ერთარსებად გადავაარსდებით. რაც მეტად ვგრძნობ ჩემში შენობას, იმდენად მშორდება მარტოობა. თუ შენ ჩემში ხარ, მაშინ მარტო ვერ ვიქნები. შენ ჩემი სიყვარულის ნაყოფი ხარ და მე ორ-სულად ვარ შენზე. ორ-სულად, რადგან შენს არსებობას ასე ვგრძნობ, ასე განვიცდი. ალბათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა კაცი ორ-სულადაა. მე ეს მხნეობას და ძალას მმატებს. რაც ეს შევიგრძენი ანუ შენი ჩემში მყოფობა, მას მერე სხვების თვალისთვის ქუჩაში მარტოდ მოსიარულე მოლაპარაკე ვარ. არ იციან, ვერ ხედავენ ჩემში დაფარულ შენს არსებას, ან კი როგორ დაინახავენ, შენ ხომ სისხლად ხარ ჩემში. მე უკვე კარგა ხანია სამყაროს შენი თვალით ვხედავ. მუსიკას შენი ყურით ვისმენ. მე განვიდევნე ჩემივ სხეულიდან, მე ადგილი ჩემში შენ დაგითმე. ახლა მე შენ ვარ და შენ მე”.
ბასილ ნიკოლაძე