კალათბურთის დაკავებულ მწვრთნელებს და მსაჯებს ბრალს ცოტა ხანში წაუყენებენ. სავარაუდოდ დღესვე გადასცემენ საქმის მასალებს ადვოკატებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გუშინ დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია ხუთი პირი.
დაკავებული მსაჯები დანაშაულს აღიარებენ. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა განაცხადა. დანაშაულს არ აღიარებენ კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი და თანამფლობელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.