სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს გამომძიებლებმა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს. მისი განმარტებით, ტყვიაზე არ ფიქსრიდება მაჩალიკაშვილის სისხლის კვალი.
უფლებადამცველის თქმით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაციის დროს, მხოლოდ ერთი ტყვია ისროლეს და სწორედ ამ ტყვიით გარდაიცვალა თემირლან მაჩალიკაშვილი, თუმცა საინტერესოა, აღნიშნულ ტყვიაზე რატომ არ აღმოჩნდა სისხლის კვალი. რაც შეეხება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საწოლის, ბალიშის ფრაგმენტებს, კედელზე და სხვა ნივთებზე არსებულ სისხლს, – დნმ-ით დამტკიცდა, რომ ის თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.
„ერთადერთი, რაც არ დადასტურდა, რაც ალბათ შემდგომი მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი, როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვია, რომელიც გავიდა ლოგინის თავში და შემდეგ გაჩერდა კედელში. არ აღმოჩნდა ამ ტყვიის ფრაგმენტზე, ამ ლითონის ფრაგმენტზე სისხლის კვალი. რა თქმა უნდა, უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, გაიარა ფაქტობრივად მთლიანი სხეული, შემდეგ ლოგინი, ლოგინის თავი და კედელი, რატომ არ აღმოჩნდა, მასზე სისხლის კვალი,” – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.