დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი. სისტემის თანახმად, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულნი იქნებიან საპენსიო ფონდში დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-2% შეიტანონ. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსის“ შეკითხვებს ეკონომისტმა ირაკლი ყოფიანმა უპასუხა.
_ ბატონო ირაკლი, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ, როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას ახალ მოდელს?
_ ვფიქრობ, დაგროვებითი პენსია ადამიანს ღირსეულ სიბერეს ვერ შეუქმნის. სხვა ქვეყნების გამოცდილებას გადავხედოთ, მაგალითად, პოლონეთისა და უნგრეთში ეს რეფორმა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორივე შემთხვევაში, მთავრობამ დაგროვილი თანხების ნაციონალიზაცია ანუ მისაკუთრება მოახდინა. ერთ დღეს ორივე ქვეყნის მთავრობამ ხალხს გამოუცხადა, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო დეფიციტი და ეკონომიკური კრიზისია, სწორედ ამიტომ ეს თანხები სახელმწიფოს საჭიროებისამებრ უნდა გამოვიყენოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ვალებში ჩაფლულია, რომლის ეკონომიკური ზრდის ტემპი 4-5 % -ია და ეკონომიკურად არასტაბილურია, საკმაოდ მაღალია რისკი იმისა, რომ დაგროვებული თანხები მთავრობამ მიისაკუთროს.
_ საქართველოში ნახევარზე მეტი თვითდასაქმებული ან უმუშევარი ადამიანია. თუკი რეფორმა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იქმნება, გამოდის, რომ ახალი საპენსიო რეფორმა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებზეა გათვლილი?
_ სტატისტიკა რომ ავიღოთ, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი თვითდასაქმებულია ანუ 2 მილიონი სამუშაო ძალიდან თვითდასაქმებულთა 1 მილიონს ეს რეფორმა არ შეეხება. დაახლოებით, 10 -11 %-იანი უმუშევრობა გვაქვს და კანონი არც დაუსაქმებელ ადამიანებზე გავრცელდება. გასაგებია, რომ 2-2 -2 %-ს დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო იხდის, მაგრამ არავინ სვამს კითხვას სახელმწიფოს მიერ შეტანილი თანხა ვისი გადახდილი ფულია? ეს თანხაც საზოგადოების მიერ ბიუჯეტში შეტანილი სახსრებია.
_ მმართველ გუნდში საპენსიო დაგროვებითი რეფორმის მიმართ დადებითი განწყობა არსებობს, რით ახსნიდით ამ დამოკიდებულებას?
ჩვენი პარლამენტარების უმრავლესობას ანალიზის უნარი არ გააჩნიათ და შესაბამისად, არც ის რისკები აქვთ გათავისებული, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ რეფორმის გახორციელებამ. საერთაშორისო გამოცდილება არ გვეუბნება, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა სტაბილური და მდგრადია. საერთოდ, რეფორმის ზოგიერთი პრინციპი დიდი ხარვეზების შემცველია. ჩვენს ქვეყანაში ადამიანების შემოსავალი ძალიან დაბალია და დასაგროვებელი არაფერია.
თუ გვინდა, ადამიანს ღირსეული სიბერე ჰქონდეს ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი და მაღალი ხელფასები უნდა არსებობდეს” – გვითხრა ყიფიანმა.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.