პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მმართველი გუნდის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ ,,გირგვიანის შესწორებების“ საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში სამართლიანობა მანამდე არ აღდეგება, სანამ ლევან მურუსიძე სამართლიანობის სიმბოლოდ იქნება მიჩნეული.
,,ამაოა ამხანაგი მდინარაძის მცდელობა. ჯერ კადრთუხუცესმა ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას 2015 წლის მიწურულს ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ თავზე რომ დაგვასვა ადამიანი, რომელსაც გირგვლიანის საქმეში დიდი დანაშაული მიუძღვის და მერე ვისაუბროთ სამართლიანობის აღდგენაზე. ქვეყანას, სადაც ლევან მურუსიძე არის სიმბოლო სამართლიანობისა, არასოდეს ეღირსება სამართალი. დღეს სასამართლო, პროკურატურა და სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტები ისე მოქმედებენ, როგორიც ოცნების კადრთუხუცესს სურს. თავად ადამიანს დაეკარგა ფასეულობა. გადახედეთ რა ხდება ტელევიზორები, საკმარისია კვირაში ერთხელ მაინც შეხედოთ ტელევიზორს და მიხვდებით, რომ ადამიანის პირველობა, როგორც ფასეულობა, კიდევ ერთი სიცრუეა“ , _ განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
ახალ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრობს “გურია ნიუსთან” მმართველი გუნდის წევრი გია ჟორჟოლიანი. კითხვაზე _ უზრუნველყოფს თუ არა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იმ ადამიანების სახელისუფლებო თუ სასამართლო სისტემიდან ჩამოშორებას, რომლებმაც საკუთარი უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს? _ ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს სასამართლო თუ სახელისუფლებო ინსტიტუტებს უნდა ჩამოშორდნენ.
,,ზოგადად, ეს ცვლილებები დაკავშირებულია სახელისუფლებო ინსტიტუტების გამჭვირვალე მოქმედებასთან. იყო შემთხვევები უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა, რასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ბევრია სამუშაო. სამუშაოა, როგორც სასამართლო სისტემაში, ისე მმართველობის სხვა მექანიზმებში, რათა შეუძლებელი იყოს უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენება. პერსონალური ცვლილებებია გასახორციელებელი. ადამიანები, რომლებიც უმსგავსო წესებს ასრულებდნენ, არ უნდა იყვნენ არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ არცა სახელისუფლებო ორგანოში“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.