საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის დაბალ საფეხურზე ჩამოქვეითებულ “გურიას” აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დავით ყენიას კანდიდატურა მხარის გუბერნატორთან ერთად წარადგინა.
“ყველამ ვიცით, ლანჩხუთისთვის რას წარმოადგენს “გურია”. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანთან გვქონდა საუბარი, რომლებსაც კლუბში მოსვლის სურვილი გააჩნდათ, მაგრამ გარკვეული ანალიზის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბის აღმასრულებელ დირექტორად დავით ყენია წარვადგინოთ. ის საფეხბურთო სამყაროში მიღებული ადამიანია და 2000 წლიდან მოღვაწეობს ამ სფეროში. თავიდან სპორტული ჟურნალისტი იყო, შემდეგ მუშაობდა ქუთაისის “ტორპედოში”, ბათუმის “დინამოში”, არის საფეხბურთო სკაუტი. ვფიქრობთ, რომ ბატონ დავითთან ერთად შეგვიძლია გუნდი ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც დღეს იმყოფება”, _ აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა სამომავლო გეგმებითა და ინიციატივებით მოვიდა ყენია კლუბში. აღსანიშნავია, რომ ყენიას მმართველის პოსტზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს და ბევრისთვის ბუნდოვანი დარჩა, რა კრიტერიუმით აჯობა მან მის კონკურენტებს _ მერაბ ჟორდანიას, კახა ებრალიძესა და კობა მირზაშვილს, რომელთაც “გურიაში” მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ.
თავად ყენიასაც არ უსაუბრია ვრცლად სამომავლო მიზნებსა თუ ინიციატივებთან დაკავშირებით, მხოლოდ რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა. თუმცა, გაირკვა, რომ ახლად დანიშნულ დირექტორს ზურგს არანაირი ფინანსური რესურსი არ უმაგრებს და გუნდის ჭაობიდან ამოყვანას იმ ფინანსური რესურსით გეგმავს, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერგება:
“ჩვენი მიზანია, გუნდი ამოვიდეს ლიგა ორიდან. ამას დრო სჭირდება. უცებ არ გაკეთდება გუნდი, მაგრამ შევძლებთ მივიდეთ იმ ზონამდე, სადაც უმაღლესი ლიგაა. უახლოეს მომავალში შეკრებას დავიწყებთ. ჩვენი სურვილია, რომ გუნდმა გაიაროს წვრთნები გრიგოლეთის ბაზაზე. მოკლე დროში მოხდეს ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა. ჩვენ შევძლებთ, მივცეთ გურიას ის სახე, რაც მას ჰქონდა”, _ აღნიშნა დავით ყენიამ, რომლის შესახებაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წლების განმავლობაში, სპორტული ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. ბოლო რამდენიმე წელია კი, საქმიანობის მიმართულება რადიკალურად შეიცვალა და საფეხბურთო მენეჯერობას მიჰყო ხელი. ამბობენ, გარკვეული პარტნიორული ურთიერთობები აქვს საფეხბურთო წრეში კარგად ნაცნობ გორგი ქინქლაძესთან, გოგა გახოკიძესთან და მათ მიერ დაფუძნებულ სააგენტოსთან დღემდე თანამშრომლობს. ყენიას უცხოეთში არა ერთი ქართველი ფეხბურთელის წაყვანაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2011-2012 წლებში ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების მენეჯერი იყო, ხოლო 2013 წელს დააარსა ტურისტული კომპანია, რომელიც თურქულ კურორტებზე ქართული გუნდების საწვრთნელ შეკრებებს უწევს ორგანიზებას.
დავით ყენიას ბოლო სამუშაო ადგილი “გურიაში” მოსვლამდე ბათუმის “დინამო” იყო, რომელსაც წარუმატებელი ასპარეზობის გამო უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწია. თუმცა, თავად ყენია კლუბის ბოლოდროინდელ წარუმატებლობაში საკუთარ პასუხისმგებლობას ნაკლებად ხედავს:
“ჩემთან ერთად იქ ათობით ადამიანი მუშაობდა. მე მხოლოდ კლუბის წარმომადგენელი ვიყავი თბილისში და სამწვრთნელო შეკრებების უზრუნველყოფას შესანიშნავად ვაგვარებდი”, _ განმარტა ყენიამ. სამაგიეროდ, არ დაუმალავს, რომ მისი დამსახურება დიდია იმ სწორი სისტემის შექმნაში, რითაც ქუთაისური კლუბი დღემდე წარმატებებს აღწევს.
ყენიას პრესკონფერენციაზე პასუხის გაცემა “გურიაში” არსებულ ნახევარმილონამდე ლარის დავალიანებაზეც მოუხდა. მისი თქმით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ეტაპობრივად შეეცდება ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ვალების დაფარვაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევად მიაჩნია.
ფაქტი ერთია _ დავით ყენიას კლუბში მოსვლა ბევრისთვის მოულოდნელი ამბავი იყო და რეაქციაც არაერთგვაროვანი მოჰყვა ამ ფაქტს “გურიას” გულშემატკივართა მხრიდან.
“სამმა-ოთხმა ადამიანმა გადაწყვიტეთ ლანჩხუთის გულშემატკივრის გადასაწყვეტი, ხომ? სულ მალე ინანებთ, ამის პირობას მე გაძლევთ, ლანჩხუთის წარმომადგენელი _ ბეგი სიხარულიძის და ბუტა ჟორდანიას შვილიშვილი. დადგება ის დრო, როცა ევგრაფის, იმედოს, ბუტას და იმ დიდი წინაპრების დანატოვრის განიავებისთვის პასუხს მოვითხოვთ მართალი ხალხი. დროებით იბატონეთ, დროებით”, _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი სოსო ჟორდანია.
“გურიაში” მიმდინარე მოვლენებს საკრებულოს ყოფილი წევრი ნონა მურვანიძეც ეხმაურება და მოქმედ საკრებულოს არასწორი გადაწყვეტილების “გაპრავებაში” ადანაშაულებს:
“წინა მოწვევის საკრებულოს “გურიას” ბედი სწორად უნდა გადაეწყვიტა. ვატყობ, მოქმედი საკრებულოც “აპრავებს” არასწორ გადაწყვეტილებას”, _ წერს ნონა მურვანიძე.
“ვაი, საცოდავო “გურია” და ნამდვილო გულშემატკივარო! ვიღაცას დედა დავიწყებოდა და დედინაცვალს ფიცულობდაო, ისეა ჩვენი საქმე. ვაი, ვაი და უი!” _ ასე ეხმაურება ყენიას დანიშვნას სოციალური ქსელით კიდევ ერთი ლანჩხუთელი, მარიამ კუპრაძე.