ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რამდენიმე დღის უკან, გამოაქვეყნა ,,facebook“ სტატუსი, სადაც მაგთისა და ჯეოსელის მხრიდან კარტერულ გარიგებებზე და საკომუნიკაციო ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს შექმნაზე საუბრობს. მისი თქმით, წლების განმავლობაში მაგთი და ჯეოსელი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტარიფს ახდევინებდა მოსახლეობას.
,,ოლიგოპოლია – არაკონკურენტული გარემო, სადაც მცირე რაოდენობის მოთამაშეები აკონტროლებენ ბაზარს. ოლიგოპოლია შეიძლება გადაიზარდოს კარტელურ შეთანხმებაში და გამოიხატოს მომხმარებლისთვის გაზრდილ ფასში.
ამის “საუკეთესო” მაგალითია მაგთი და ჯეოსელი. ეს ორი კომპანია ათ წელზე მეტი შეთანხმებული იყვნენ ტარიფებზე და წუთში 29 თეთრს (ეჭვი მაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტარიფს) გვახდევინებდნენ. სტატუს–კვო მხოლოდ მესამე მოთამაშის შემოსვლამ დაანგრია. აღმოჩნდა, რომ თურმე რამდენიმე თვეში შესაძლებელი ყოფილა საცალო ტარიფის 29 თეთრიდან ჯერ განახევრება და რეგულატორის მიერ „პორტირების“ დანერგვასთან ერთად 3-5 თეთრამდე შემცირება. რამდენი ასეული მილიონი მოგება ნახეს ამ პერიოდში კომპანიებმა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რადგან არცერთი არ აქვეყნებს შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას”, _ წერს გიორგი ქადაგიძე
მისივე განმარტებით, საჭიროა ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით გარკვეული რეფორმების გატარება.
,,იმისთვის, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გახორციელება. ჩემი მოკრძალებული აზრით, აუცილებელია, დეტალური ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო გახდეს შემდეგი კომპანიებისთვის“, _ აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე
აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ზემოთხსენებულ, სატელოკომუნიკაციო კომპანიებს დაუკაშირდა, ასევე, შპს „ბილაინს“.
კომპანია ჯეოსელმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რაც შეეხება ბილაინს, მათგან ,,გურია ნიუსი“ რამდენიმე დღეა პასუხს ელოდება. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამომადგენელმა ნათია ღლონტმა განაცხადა, აღნიშნული თემა კომპანიისთვის პრობლემატურია და საკითხის კომპელექსურობიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხის გასაცემად, საჭიროა სათაო ოფისთან, ამსტერდამში შეთახმება, რომლის შემდგომ ელექტრონული ფორმით მოხდება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.
შპს მაგთიკომმა ,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _ იყო თუ არა გარიგებაში ორი საკომუნიკაციო კომპანია და ამის შედეგი ხომ არ იყო მაგთიკომის მხრიდან ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, მათ განმარტეს, რომ აღნიშნული მოსაზრება არის კონკრეტული პროვნების მოსაზრება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
,,მაგთიკომსა და ჯეოსელს შორის კარტელური გარიგების არსებობის შესახებ, ეს კონკრეტული პიროვნების მოსაზრებაა და მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტაციას. რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას ბაზარზე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ტელესაკომუნიკაციო დარგში, სხვა დარგების მსგავსად, ტარიფებს ბაზარი განსაზღვრავს და არეგულირებს. ბაზრის მოთამაშეების ინტერესებშია იმოქმედონ კანონისა და ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში“, _ განაცხადეს მაგთიკომში.