სკოლის გამოსაშვებ გამოცდაში შეტანილ ცვლილებებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასახორციელებელ ცვლილებებზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო მაია, საატესტატო გამოცდების სისტემაში გახორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოსწავლე სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გამსვლელი ქულის მაგივრად, შეტყობინების სახით მიიღებს ინფორმაციას გადალახა თუ არა ბარიერი, რამ განაპირობა არსებული ცვლილება?
_ ქულას, რომელსაც აქამდე იღებდა მოსწავლე, არავითარი დატვირთვა არ აქვს. სხვათაშორის, როცა ჩვენ შემოვიღეთ სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ვვარაუდობდით, რომ სწორედ ასეთი ფორმით ჩატარებულიყო საატესტატო გამოცდები, თუმცა, იმჟამინდელი განათლების სამინისტრო და მინისტრი ამაზე არ დაგვთანხმდა, ამიტომ იძულებული გავხდით, ის ძალა, რაზეც იზომება კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა, მექანიკურად გადაგვეტანა ჩვენი მოსწავლეებისთვის ნაცნობ 5-დან 10 სკალაზე.
ძალიან მინდა, ჩვენმა ორგანიზაციამ გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ზუსტად ვაფასებთ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას. პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, როდესაც 12 წლის განმავლობაში მოსწავლე სწავლობს სკოლაში, რაც უნდა იდეალური სისტემა იყოს, არ შეედრება სკოლის მიერ მოსწავლის შეფასებას.
სკოლა მოსწავლეს აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადის გამოსაშვებ გამოცდებზე, სადაც მინიმალურ კომპეტენციას ადასტურებს. თავად მინიჭებულ ქულას კი არანაირი დატვირთვა არ აქვს.
_ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, დღევანდელი საატესტატო სისტემა ძალიან მკაცრი და ხისტია. ხომ არ იგეგმება საატესტატო გამოცდების გამარტივება?
-ცოტა უხერხულია დისკუსიაში შესვლა, მაგრამ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, რა სისტემასთან გვაქვს საქმე. ამ სისტემაში რაღაცის გამარტივებასა ან გართულებას ვერ მოვახერხებთ, რადგან რამდენად რთული ან მარტივი დავალება მიუვა მოსწავლეს მხოლოდ და მხოლოდ მის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
თუ მოსწავლე კარგად პასუხობს დავალებებს მას ნე-ლნელა ურთულდება დავალებები და თუ ვერ ახერხებს პასუხის გაცემას უმარტივდება.
_ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რა სახის სიახლეებს გეგმავთ? ფიქრობთ თუ არა, რომ საგამოცდო საგანთა ბარიერი უნდა შეიცვალოს?
_ ეროვნულ გამოცდაზე საგნის ბარიერები უცვლელი რჩება, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობთ, მომავალი წლისთვის უცხო ენებში ბარიერი გავზარდოთ. მოგეხსენებათ, 30% არის ბარიერი ზოგად უნარებში, დანარჩენ საგნებში კი 25 %- ია. მხოლოდ უცხო ენაში არის 20 პროცენტი. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ ბარიერი დაბალია. წელს ნამდვილად არ იგეგმება, თუმცა, მომავლისთვის ნამდვილად ვფიქრობთ ეტაპობრივად ბარიერის აწევას.
_ ცვლილება მხოლოდ უცხო ენებს შეეხება?
-სხვა საგანს არ შეეხება. განსხვავებით სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდებისა, ეროვნული გამოცდები სასელექციო ტიპის გამოცდაა და ბარიერს ნაკლები დატვირთვა აქვს. საატესტატო გამოცდებში მნიშვნელოვანია გადალახავს თუ არა აპლიკანტი ბარიერს და ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ კონკურსში გაიმარჯვო.
ბარიერს ნაკლები დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კარგი შედეგი აჩვენოს.