საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა ნაცვლად 100 ათასი ლარისა, იქნება 500 ათასი ლარი. გარდა ამისა, გამარტივდება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვების წარმოება,
მცირე მეწარმეებისთვის ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით საუბრისას, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წლიური ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%-მდე მცირდება.
შეკითხვაზე, 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეებს, მოეხსნებათ თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადი და ისარგებლებენ თუ არა ყველა იმ შეღავათით, რომლითაც დღეს 100 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე ფიზიკური პირები სარგებლობენ, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ შეღავათი მხოლოდ წლიური ბრუნვის ნიშნულის 1% -მდე შემცირებას ეხება. მცირე ბიზნესის ნაწილი, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატება, მცირე მეწარმის სტატუსის მიუხედავად, დღგ-ს გადასახადისგან არ თავისუფლდება.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ინდივიდუალური მეწარმე მოექცეს აღნიშნულ შეღავათიან რეჟიმში. რაც შეეხება დღგ-ს გადასახადს, მისი ზღვარი გახლავთ 100 ათასი ლარი. რეფორმის მიზანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს, უფრო მარტივად მოახდინონ ინტეგრირება იმ ბიზნესურთიერთობებში, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და შეძლონ ბიზნესის გაფართოება და შესაბამისად მივიღოთ გაზრდილი საგადამხდელო ბაზა.
აქედან გამომდინარე, იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც გასცდებიან 100 ათას ლარს, მივცემთ საშუალებას, რომ დღგ ჩაითვალონ სტანდარტულ რეჟიმში, ან თუ იქნება დღგ-ს ზედმეტობა და ეს არის საკმაოდ ახალი მოვლენა, 5-დან 7 დღემდე დაიბრუნონ დღგ-ს ზედმეტობა ბიუჯეტიდან. დამატებითი ღირებულების გადასახადი რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ფიზიკური პირი გასცდება 100 ათას ლარს, ის დაკარგავს მცირე მეწარმის სტატუსს.
500 ათას ლარამდე, იმისდა მიუხედავად ადამიანი იხდის თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადს, მასზე გავრცელდება ყველა შეღავათი, რომელსაც ჩვენ მივუსადაგებთ მცირე მეწარმის სტატუსს. ეს არის 1%-იანი ბრუნვის გადასახადი” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
1TV.GE