საქართველოს პრეზიდენტი წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა.
,,ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისიებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია.
ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს.
სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედიც ძალიან გვაღელვებს.
ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში.
ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს “, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ცნობით ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის” ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა.
დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.„დაკითხვისას ეჭვმიტანილმა ადვოკატის და თარჯიმნის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, თუმცა არც მათი თანდასწრებით არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა გადაყვანის პროცესში მას ქონდა მცდელობა, რომ ერთ-ერთი ბადრაგისთვის იარაღი წაერთმია. აღნიშნულ მცდელობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბადრაგებმა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათი თქმით, საავადმყოფოში მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს თუმცა ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტარული დანაყოფის შემადგენლობაში მსახურობდა და მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში.