ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა. ზოიძე ოპოზიციას გარკვეული პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს.
,,ძალადობა, ყოველ შემთხვევაში, არასასურველია. ჩემი აზრით, გარკვეულწილად, ოპოზიციის მხრიდან პროვოცირების მცდელობასაც აქვს ადგილი, იმიტომ, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდა საკრებულოს შემადგენლობაში, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, _ უთხრა ,,გურია ნიუსს“ ზოიძემ.
მმართველი გუნდის წევრს მივმართეთ კითხვით _ რატომ არის სამართალდამცავთა ასეთი დიდი რაოდენობა მობილიზებული საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე? მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
,,ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხეთ, მე ნამდვილად ვერ ვფლობ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას“ – გვითხრა ზოიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი გააკეთეს:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
დღეს კი დილიდან ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.