შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე საბა ქრისტესიაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ., ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.
ზემოხსენებული ფაქტი ბ.პ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს გამოკითხვისას სრულად დაუდასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით“, _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.