გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უპირისპირდება. როგორც თამარ ბაგრატია აცხადებს, მინისტრის მოადგილე უხეშად ერეოდა რეორგანიზაციის პროცესში და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვას უპირობოდ და გადაუდებლად მოითხოვდა.
“გუშინ, 14 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა. მიზეზი კი რეორგანიზაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო. მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მითუმეტეს, ასევე, ვთვლი, რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ასევე, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.
როგორც მედიიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფს, თუმცა, არსებობს სატელეფონო მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული მოთხოვნა კონკრეტული პიროვნების შესახებ და ჩემი უარყოფითი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი დღეს 17 საატზე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მისი თქმით, მედიისთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.