ერთხელ თბილისის პანტომიმის თეატრის მსახიობებს კახეთში სახალისო ისტორია გადახდათ და იმ „ინციდენტის“ მთავარე ფრანგი „სუპერმენი“ გახლდათ.
გოგი ოსეფაშვილი, პანტომიმის თატრის მსახიობი: „პანტომიმის თეატრი 1969 წლიდან არსებობს და მეც იმ დროიდან ვარ იქ. ხშირად გვიწევდა გასვლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კომუნისტების დროს რაიკომის მდივნები ავრცელებდნენ ბილეთებს და დარბაზი ყოველთვის სავსე გვხვდებოდა.
ერთხელაც, კახეთის ერთ-ერთ რაიონში უნდა ჩავიდეთ. რაიკომის მდივანს დაუბარებია თანამშრომლები და საზეიმოდ უცხადებს:
– ჩვენთან ჩამოდის ფანტომასის თეატრი და ბილეთები უნდა გავავრცელოთ.
ფანტომასის თეატრიო და, იმისთანა ტაციაობა დაწყებულა ბილეთებზე, ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ. ჩავდივართ, დარბაზი ისეა გაძეძგილი, ნემსი არ ჩავარდება. სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ, ორჯერ მეტი ხალხი მოვიდა ჩვენს სანახავად, ვიდრე ბილეთები დავტოვეთ, თან ძალით მოყვანილებს არ ჰგვანან. ერთი სული აქვთ, წარმოდგენა როდის დაიწყება.
სხედან და უყურებენ სპექტაკლს, სადაც არავინ ხმას არ იღებს და მარტო მოძრაობებია მუსიკის თანხლებით. თვალი გავაპარე ლოჟისკენ, სადაც რაიკომის მდივანი იჯდა, მკვდრის ფერი ადევს!
დამთავრდა წარმოდგენა და ჩაფიქრებული გვიახლოვდება.
– ეს რა დღეში ჩამაგდეთ, ხალხს თვალებში როგორ შევხედო! ეს რა გამიკეთეთ, მთელი ორი საათი, მეც და დარბაზიც თავმოტვლეპილი კაცის გამოჩენას ვუცდიდით…“