დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა.
ნაწერის ქვეშ სხვა ავტორია მითითებული, თუმცა, ქაღალდის სიძველიდან გამომდინარე, არჩილ ტატუნაშვილი, როგორც ჩანს, მას დიდი ხანია გულით ატარებდა. სავარაუდოდ, დიდი ხნის, საერთაშორისო მისიის შესრულების დროსაა დაწერილი.
სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება,
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება.
ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით,
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით.
თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ,
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.
გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი,
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის.
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა,
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით, ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.