ქალაქ ოზურგეთის ქუჩების _ გორკის, ინგოროყვასა და ლანჩხუთის ქუჩის მცხოვრებლები, რამდენიმე თვეა ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, არაერთი პრობლემების წინაშე დგანან.
როგორც აქ მცხოვრებლები აღნიშნავენ, ქუჩები ქალაქის გარეუბანს წამოადგენს, თუმცა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან აქვე მდებარეობს ერთ-ერთ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა. გზა, რომელიც, მათივე თქმით, არცერთ ხელისუფლებას, არცერთ ადგილობრივ თვითმმართველობას, სათავეში მოსვლის შემდეგ ახსენდება.
_ აქ მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებისთვის მოდიან და შემდეგ ქრებიან. წლების მანძილზე არავინ დაინტერესებულა შეეკეთებინათ დაზიანებული გზა, არავის მოუკითხავს, როგორ ცხოვრობენ საკუთარი ამომრჩევლები და მოქალაქეები, აქვთ თუ არა ელემენტარული სასმელი წყალი. სასმელს ვინღა ,,ჩივის“, წყალი თუ ადრე გრაფიკით მოდიოდა, 2 კვირაა 20 ოჯახს საერთოდ აღარ მოგვეწოდება, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო გორკის, ლანჩხუთისა და ინგოროყვას ქუჩებზე. როგორც გვითხრეს, რამდენიმე თვის წინ გაუსაძლისი გახდა ამ ქუჩის მცხოვრებელთა ყოფა _ დაზიანებული მილებიდან წყლის ჭავლი ამოდიოდა, დაიტბორა ქუჩების მთლიანი ნაწილი. ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში დაზიანდა, წლების წინ ამ ქუჩაზე გაკეთებული წყლის ავზი, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩებზე წყლის ჭავლის მომატება და სრულიად გამოიყვანა მწყობრიდან ისედაც დაზიანებული გაყვანილობა. ახალი წლის დღეებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები გორკის ქუჩის მოკლე მონაკვეთში. 2-კვირიანი უწყლობის შემდეგ, გამოცვალეს მილები, თუმცა, მოსახლეობის თქმით, ძველი გაყვანილობა ისევ მიწაში დატოვეს და ყოველ გაწვიმებაზე მასში წყალი მოედინება და კიდევ უფრო ტბორავს ისედაც წყალგამჯდარ მიწას. საჭირო გახდა, ისედაც დაზიანებული ასფალტის საფარის გაჭრა, წყალმომარაგების კომპანიამ ქუჩის ამ ნაწილში მილები შეცვალა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი თხრილების ამოვსებისა და ასფალტის საფარისთვის არ უზრუნიათ. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, თავად შეესრულებინა ეს სამუშაოები და ეზოებში შესასვლელები მაინც მოეწესრიგებინათ, რადგან კომპანიამ დაუხურავი დატოვა დიდი ორმო, რომელიც საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნულებითა და ლენტით იყო შესამჩნევი.
როგორც მოსახლეობა “გურია ნიუსთან“ ამბობს, დაახლოებით, თებერვალში ქუჩის დანარჩენ ნაწილშიც შეიქმნა წყლის გაყვანილობის პრობლემა, გაუსაძლისი გახდა ამ ქუჩებზე მოძრაობა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წამომადგენლებისთვის შეტყობინების შემდეგ, მათ მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით, 22 ოჯახს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს და ამის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. დარჩენილ ნაწილში კი ყოველდღიურად ახალ-ახალი დაზიანებები იჩენს თავს და მოსახლეობისთვის შეუძლებელი ხდება ქუჩაში გადაადგილება.
მოსახლეობის თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მოვიდნენ თავიანთი ტექნიკით და წინა სამუშაოების დროს, 2 თვის წინ დატოვებული ორმო მიწით ამოავსეს. მათივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში პასუხობენ, რომ კომპანიის უფროსი რამდენიმე დღის დანიშნულია და ჯერ ვერაფერს გააკეთებენ.
_ სავარაუდო პასუხსაც არავინ გვაძლევს, თუ როდის მოიცლიან ჩვენთვის. შეწუხებულები ვართ აღნიშნული პრობლემით. მცირეწლოვანი ბავშვები ეზოსა და ქუჩაში ვერ გამოგვყავს სათამაშოდ. შეიძლება ხელისუფლება არ ზრუნავდეს ადამიანებზე?! ქალაქის სასაფლაოზე და მასთან მისასვლელ გზაზე მაინც იზრუნოს, _ ამბობენ “გურია ნიუსთან“ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები.
ნოდარი გაგუა : _ წყლის მაგისტრალი ხანდაზმული და დაზიანებულია, დამპალია და გახეთქილია მილები, ყველა მხრიდან გადმოდის წყალი, იყვნენ წყალკანალიდან ამოსულები და გვითხრეს, რომ მილები არ აქვთ.
დარეჯან გოცაძე: _ სულ უპატრონოდ ვართ. ჩვენს ეზოში ჩამოდის ეს წყალი. გახეთქილია მილები, ცუდ მდგომარეობაში ვართ. გზაც არ გაგვიკეთეს. არც სასაფლაოზე მისასვლელი გზაა. ნახეთ, რა მდგომარეობაა!
ხათუნა გეგუჩაძე _ ისედაც გაუბედურებულია ხალხი. უჭირთ ეკონომიკურად, სულ გაუსაძლისი გახდა ყოველდღიურობა და ეს დამატებული კიდევ ამხელა პრობლემები. არც წყალი მაქვს სახლში, გაზი _ გადაჭრილი, სინათლე _ გადაჭრილი. მეზობლები მაძლევენ შეშას. 150-ლარიანი დახმარება ვთხოვე მერიას და არ მომეხმარა, არაა ბიუჯეტში ფულიო, ვარ მარტოხელა ასე მქვია, ერთი შვილი მყავს, თურქეთში წავიდა სამუშაოდ და სოციალური დახმარება მომიხსნეს მაგის გამო. მეზობლებმა იციან ჩემი გაჭირვება _ 5 ლარის გულისთვის გაზი გადამიჭრეს და ვერ ჩავრთე. ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, სასაფლაოს გზას გადავკეტავთ და არ გავუშვებთ არავის.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელი შალვა კონჯარია “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ ქუჩებზე წყლის პრობლემა აღმოფხვრილია:
_ ვიყავით მისულები, როგორც მე ამიხსნეს, მაქ მიმდინარეობდა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მილების ნაწილი შეიცვალა. უწყლოდ დარჩენილია 17 ოჯახი. სადაც შესაცვლელია წყლის გაყვანილობა, იქ ორმოები ამიტომ იყო დატოვებული. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია. ველოდებთ მასალას. მოთხოვნა გაკეთებულია სამინისტროში, სანამ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება, ჯერ მიწისქვეშა პრობლემები უნდა მოგვარდეს.
ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემით მერია დაინტერესებულია:
_ ველოდებით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას. სასაფლაოს ჭიშკრამდე მოეწყობა ასფალტის საფარი. როგორც კი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, გზას სრული რეაბილიტაცია გაუკეთდება.