პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას მიესალმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის წარდგენას. ამასთან, როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, მთავრობაში მმართველობითი კრიზისია, ამიტომ, ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
,,ამ ცვლილებას დადებითად ვაფასებ იმიტომ, რომ მაია ცქიტიშვილს კარგად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, კომპეტენტური და წესიერი ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კარგი გადაწყვეტილება მთავრობაში. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, პერსონალურ გადაადგილებაზე ჭორაობა არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისი მთლიანად მმართველობით სისტემაში და ამიტომ ფუნდამენტური ცვლილებები გვჭირდება და არა თითო-თითო მინისტრის შეცვლა. ამით არაფერი გამოსწორდება, ეს ვერ შეაჩერებს დეგრადაციის პროცესს.
კვირიკაშვილის განცხადება, რომ რამდენიმე წელი არსად წასვლას არ აპირებს არასერიოზულად ჟღერს, ის თავის მომავალს ვერ დაგეგმავს. ვფიქრობ, კვირიკაშვილი უკვე დიდი ხანია სისტემურად დასრულებულია“, _ განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავად რამდენიმე წლის განმავლობაში პრემიერის პოსტიდან წასვლას არ აპირებს.