საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ისევ ნინია კაკაბაძეს წარადგენს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ეს არის უმცირესობის კუთვნილი კვოტა და დემოკრატია გულისხმობს, რომ უმრავლესობამ პატივი სცეს საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში წარდგენილი იყოს ნინია კაკაბაძე:
_ თუ უმრავლესობა კანდიდატურას ისევ ჩააგდებს, საპარლამენტო უმცირესობა ამ ქვოტას ცარიელს დატოვებს, _ ამბობს ირმა ნადირაშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციამ პირცველ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს _ ია მამალაძეს:
_ ჩვენ პირველ კენჭისყრაზე მხარი დავუჭირეთ საპარლამენტო უმრავლესობის წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს, ია მამალაძეს. დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის წევრების მოწოდებები, რომ მამალაძე ისევ იყო წარმოდგენილი საზოგადოებრივ ბორდში სახალხო დამცველის ქვოტით. შესაბამისად, ჩვენ ისევ მზად ვართ, წარდგენის შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ მას. „გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ჩვენ არცერთ ეტაპზე არ განვიხილავდით სახელისუფლებო კანდიდატად. უფრო მეტიც, მივიჩნევდით, რომ უმრავლესობამ ია მამალაძე მხოლოდ და მხოლოდ სიის გაკეთილშობილების მიზნით წარმოადგინა, მაშინ როცა გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული ბიძინა ივანიშვილის ფავორიტის ზაზა შათირიშვილის სასარგებლოდ, _ აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.