პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი კრიმინალური ფონი ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.
,,ერთი მხრივ, უსამართლო და მეორე მხრივ, სრულიად არადამაჯერებელია მცდელობა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საზარელ მკვლელობაზე დაეკისროს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, როდესაც ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიმინალური ფონი არის სწორედ იმ კონვეირული წესით გახორციელებული შეწყალების პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ,,ქართული ოცნება „ ახორციელებს ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რომლის შემოქმედებიც ამ დარბაზში სხედან, ეს არის შედეგი იმ ძალადობრივი ფონის, დაუსჯელობის სინდრომის, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი ,,ქართული ოცნების მმართველობის პირობებში“, _ განაცხადა სამადდაშვილმა.