ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხმაურია. რამდენიმე თვის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მოკლული ბაჩი ბოლქვაძის ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულისთვის მოსამართლის მიერ შეფარდებულ სასჯელს აპროტესტებენ.
დღეს ბოლო სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ ბრალდებულს პატიმრობის ვადად 4 წელი განუსაზღვრა. ბაჩი ბოლქვაძის ახლობლები მოსამართლის გამოსვლას ელოდებიან.
“არ დავნებდებით, მთელი ქობულეთი ფეხზე დგას. მოგვიკლა უპატიოსნესი ბიჭი. მარშუტკებით წამოვლენ ახლა ქობულეთიდან, არ დავიშლებით, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ მოსამართლე კანონიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას პარტია ქართული ოცნების ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა მაია ბერულიძემ.
აქვე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღობილევში 30 წლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბაჩი ბოლქვაძე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის მამაკაცი ზ.გ-ა. მკვლელობა 14 აგვისტოს გამთენიისას მოხდა.