საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებაში” ბრუნდება – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, მან დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა.
„დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ქართული ოცნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ რომ მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გააძლიეროს მთავრი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში.
პრემიერის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რასაც მოჰყვება ყრილობა, სადაც დელეგატები აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.