2018 წლის სასწავლო წლის დასრულების და არდადეგების დაწყების შესახებ წესში, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა. ცვლილება მეთერთმეტე კლასელებს შეეხებათ. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, 2017-2018 სასწავლო წელი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის 11 ივნისს დასრულდება, მათთვის ამ წლის ბოლო გაკვეთილები 8 ივნისს ჩატარდება, 11 ივნისს კი სკოლაში აღარ მივლენ.
წესში ცვლილების შეტანამდე მე-11 კლასელებისთვის საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო.
ცვლილების მიზანი ის არის, რომ მოსწავლეები საატესტატო გამოცდებისთვის უკეთ იყვნენ მობილიზებულები.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად – მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.