შინაგან საქმეთა მინისტრსა და რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნა, რომ უწყების მოქმედებების არეალს ვერავინ შეზღუდავს.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები ყველას პრობლემაა.
„ იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ერთმნიშვნელოვნად შევთანხმიდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არის ჩვენი ყველას პრობლემა და მაშინ, როდესაც შს სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ შეზღუდავს შს სამინისტროს მოქმედებების არეალს. წერტილი. ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შემდგომ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი“, – განაცხადა გახარიამ.
მან ასევე განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო, ემოქმედა და მზად არის არასამთავრობოებთან ერთად მოიკვლიოს ჰქონდა თუ არა კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას ადგილი ძალადობასა და უფლებამოსილების გადაჭარბებას.
გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არც სახალხო დამცველის ოფისს და არც კრიმინალურ პოლიციას მსგავსი დანაშაულის ფაქტი არ აქვთ დაფიქსირებული.
„შს სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული სხვადასხვა კლუბებში 20 შემთხვევა. ბოლო 14 დღის განმავლობაში 112 გამოძახება გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48 და სწორედ ამიტომ შს სამინისტრო იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი და კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, დავპირდი სტუმრებს, რომ მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება. არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის“, _ განაცხადა მინისტრმა.