68 წლის ჰამლეტ ორაგველიძეს, რომელიც ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში ცხოვრობს, წლების წინ სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დაუზიანა და მას შემდეგ თავს ნათესავის სახლს აფარებს. როგორც თავად გვიყვება, სტიქიისგან სახლი ორჯერ სახლი დაზიანდა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, არასდროს არავინ დახმარებია.
“ხუთი წლის წინ მიწა დაიძრა და სახლის კედელი ჩამოანგრია. არავის შეწუხება არ მიცდია, არასდროს მივსულვარ მერიის კართან დახმარების თხოვნით. თავად იყვნენ მოსულები და დამპირდნენ, რომ პრობლემას მომიგვარებდნენ, მაგრამ როდის, გორისგვერდის სასაფლაოზე რომ დამასვენებენ მერე?!
ყოველთვის მერიდებოდა დახმარების თხოვნა, რადგან ჩემზე მეტად გაჭირვებული ბევრია ამ რაიონში და მე რა უნდა მოვითხოვო,-მეთქი. საბოლოოდ კი ისე წავიდა საქმე, მთლად ღია ცის ქვეშ დავრჩი და ღამის გასათევიც აღარ მაქვს. თითქოს კედლის ჩამონგრევა არ იყო საკმარისი, მერე ძლიერმა ქარმა ისე დააზიანა სახლი, რომ შიგ ცხოვრება აღარ შეიძლება. სამი წელია საკუთარ სახლში ღამე არ გამითევია, სანამდე უნდა ვიყო სხვასთან შეკედლებული?! ჩემს ეზოში ხშირად თამაშობენ მეზობლის ბავშვები და სულ ვაფრთხილებ, სახლში არ შევიდნენ, რომ რამე უბედურება არ მოხდეს”, _ ამბობს საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილი ჰამლეტ ორაგველიძე, რომელსაც სხვების გაჭირვების შემხედვარეს, დღესაც ეძნელება საკუთარი პრობლემის გასაჯაროება და ვინმესთვის დახმარების თხოვნა.
არადა, ამ მარტოხელა მამაკაცის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა მართლაც უმძიმესია. სახლი, ფაქტობრივად კედლების გარეშეა დარჩენილი, აივანი ჩამონგრევის პირასაა, სახურავიც უვარგისია.
“მრცხვენია საჯაროდ საუბარი ჩემს გასაჭირზე, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. არაფერს ვითხოვ, გარდა საკუთარი ჭერისა, რომელიც სტიქიამ დამიზიანა. საჭმელს არავის ვთხოვ, დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ, პენსიაც მაქვს. მხოლოდ ჭერი მინდა მქონდეს თავზე, სხვასთან რომ არ ვიყო სამადლოდ შეხიზნული”, _ ამბობს ჰამლეტ ორაგველიძე.
“გურია ნიუსი” ორაგველიძის საცხოვრებელი სახლის პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატს, აკაკი იმნაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც დაგვპირდა, რომ პირადად დაინტერესდებოდა ორაგველიძის საკითხით და ადგილობრივ ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებდა.
“კონკრეტული პიროვნებისა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მოსახლის პრობლემა, რომლებიც, ასევე, სტიქიამ დააზარალა, ჩემთვის ძალიან კარგადაა ნაცნობი. ყველანაირად ვცდილობ მათ თანადგომას და შესაბამის უწყებებამდე მათი საკითხის მიტანას. ამჯერადაც პირადად ჩავაყენებ საქმის კურსში შესაბამის სამსახურს და მივიყვან ადგილზე მდგომარეობის გასაცნობად”, _ გვითხრა იმნაიშვილმა.