გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან ერთად, გვჭირდება სხვადასხვა ორგანული თუ არაორგანული სასუქები.
ხალხური მეთოდით მომზადებული წუნწუხი ყოველთვის პოპულარულია. ის საუკეთესოა როგორც ორგანული ნაკელის დახმარებით მომზადებული, ასევე, სხვადასხვა მცენარის მასით თუ ნარჩენებით გაკეთებული.
გაზაფხულზე ბოსტნებისა და საყანე ღობეების კიდეებსა თუ ღელის ნაპირებთან უხვად მოიპოვება ჭინჭარი. ის საუკეთესო მხალეულიც არის, ასევე, ძვირფასი საკვებია შინაური ფრინველისთვის, თუმცა, ამჯერად გთავაზობთ მისგან წუნწუხის მომზადების წესს, რაც საუკეთესოა ჩითილებისთვის.
მოვთიბოთ ჭინჭარი და დავკეპოთ. თუ არ დაგეზარებათ, დანაყული უკეთესი იქნება. სამ კილოგრამამდე მასას ათი ლიტრი წყალი დავასხათ. გადავაფაროთ დასვრეტილი სახურავი, ისე, რომ ჰაერმა იმოძრაოს. წვიმის დროს დავხუროთ ან სადგომში შევიტანოთ.
სამ-ოთხ დღეში ერთხელ კარგად მოვურიოთ. მალე ქაფი მოადგება, რაც იმის ნიშანია, რომ დუღს. როცა დუღილს დაასრულებს, ქაფიც მოშორდება. ეს მოხდება ათი დღის განმავლობაში.
შემდეგ ერთი ლიტრი წუნწუხი შევაზავოთ ათ ლიტრ წყალთან და სუსტი წვიმის დროს დავუსხათ ჩითილებს. წვიმის გარდა, დარშიც შეიძლება წუნწუხის მიცემა, ოღონდ საღამოს პირას ან დილით ადრე. შემდეგ კი ცოტა წყალიც დაუსხით.